რექტორის შეხვედრა მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებთან

   
   

29 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია შეხვდა თსსუ–ის მეხუთე და მეექვსე  სემესტრის სტუდენტებს. საუბარი შეეხო თსსუ–ში მიმდინარე აკადემიურ პროცესსა და სარეაბილიტაციო–ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს.

თავდაპირველად რექტორმა  ისაუბრა თსსუ – ს ტრადიციებზე,  შემდეგ სასწავლო პროცესზე, სწავლის გადასახადზე,  დაწვრილებით მოახსენა აუდიტორიას თსსუ–ის ფინანსური საკითხების  და  სამომავლო გეგმების შესახებ.

რექტორმა ინფორმაცია მიაწოდა სტუდენტებს  მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ. მან აღნიშნა, რომ ახვლედიანის №22–ში მდებარე ფარმაციის ფაკულტეტის სასწავლო კორპუსის ავარიული მდგომარეობის გათვალისწინებით, ფაკულტეტმა დროებით ფუნქციონირება უნდა გააგრძელოს სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე სასწავლო კორპუსის „ა“ ფლიგელში, ვიდრე არ აშენდება უნივერსიტეტის მეოთხე სასწავლო კორპუსი.

რექტორმა უპასუხა  სტუდენტების მიერ  დასმულ ყველა შეკითხვას, აუდიტორიას განუცხადა, რომ ამიერიდან სტუდენტებს შეეძლებათ, ნებისმიერი წინადადებით მიმართონ თსსუ–ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, რის შემდეგაც ინფორმაციას გაეცნობა თავად რექტორი და შესაბამის რეაგირებასაც მოახდენს, აღნიშნა რომ წინა შეხვედრის შემდგომ უკვე მოწესრიგდა რიგი საკითხებისა, კერძოდ:   უნივერისტეტის ბიბლიოთეკაში  უკვე შეტანილია დამატებით 30 „ნოუთბუქი“, სასწავლო კორპუსების  ეზოში ჩართულია უფასო Wi-Fi, მოწესრიგებულია საპირფარეშოების პრობლემა, დაწყებულია პირველ სასწავლო კორპუსში სტუდენტური სასადილოს პროექტზე მუშაობა.

სტუდენტებთან შეხვედრას ესწრებოდნენ: თსსუ–ის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, ვიცე–რექტორები – პროფესორი რიმა ბერიაშვილი, პროფესორი ხათუნა თოდაძე და გიორგი აბესაძე, თსსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე კვაჭაძე, რექტორის აპარატის უფროსი ნინო რუხაძე, თსსუ–ის ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

ცხადია, მსგავსი ფორმატის შეხვედრებზე ყველა პრობლემის დასმა და მათი გადაწყვეტა ვერ მოხერხდება, თუმცა უნივერისტეტის ადმინისტრაცია კვალავაც გააგრძელებს შეხვედრებს სტუდენტებთან მათი განწყობებისა და შენიშვნების გაცნობის მიზნით. შემდეგი შეხვედრა ჩანიშნულია 2 ნოემბერს, პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებთან.