თამარ დეკანოსიძის ხსოვნის საღამო

2015 წლის 3 ნოემბერს, თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის და პათოლოგიური ანატომიისა და ციტოპათოლოგიის დეპარტამენტების ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა დიდი ქართველი მეცნიერისა და პედაგოგის, აკადემიკოს თამარ დეკანოსიძის ხსოვნის საღამო, რომელიც მისი დაბადებიდან 91 წლისთავს მიეძღვნა.

აკადემიკოსი თამარ დეკანოსიძე 22 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტს.  მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს მთავარი პათოლოგანატომი,  ექიმი რომელსაც დასმული აქვს 180,000-ზე მეტი დიაგნოზი,  ბიოეთიკის საბჭოს თავმჯდომარე,  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ღირსების ორდენის კავალერი - ეს მისი ოფიციალური წოდებების არასრული ჩამონათვალია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 400-ზე მეტი დისერტაცია.

საღამოზე დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს და ქალბატონი თამარი გაიხსენეს: უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, თსსუ–ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა, თსსუ–ის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რამაზ ჩიხლაძემ, თსსუ–ის უროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფესორმა დავით ქოჩიაშვილმა, თსსუ–ის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ბესარიონ კილასონიამ, თსუ–ის მორფოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ, საქართველოს პათოლოგანატომთა ასოციაციის თავმჯდომარემ, პროფესორმა ომარ ხარძეიშვილმა და სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ გვაზავამ.

გამომსვლელებმა გაიხსენეს აკადემიკოს თამარ დეკანოსიძესთან გატარებული წლები, ხაზი გაუსვეს მის მრავალმხრივ ნიჭიერებას და განსაკუთრებულ დამოკიდებულებას სტუდენტებისადმი. ქალბატონი თამარი არ იყო მხოლოდ მეცნიერი, ის იყო დიდი ადამიანი, საზოგადო მოღვაწე, მენტორი, რომელიც ცდილობდა, სტუდენტები არამხოლოდ პროფესიული სიმაღლეებისთვის ეზიარებინა, არამედ მათში მოქალაქეობრივი და პიროვნული თვისებებიც ჩამოეყალიბებინა.

ღონისძიებაზე, ასევე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამედიცინო უნივერსიტეტში არსებულ ტრადიციებზე მომავალი თაობის აღზრდა, საჭიროა სტუდენტები იცნობდნენ მათ წინამორბედებს, ისეთებს, როგორიც ქალბატონი თამარ დეკანოსიძე იყო.

საღამოს დასასრულს შედგა პროფესორ თამარ დეკანოსიძის შესახებ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ბიოგრაფიული ფილმის ჩვენება.

ღონისძიების შემდეგ დამსწრე საზოგადოებამ დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ყვავილებით შეამკო თამარ დეკანოსიძის საფლავი.