„მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული 2015“

10 ნოემბერს საქართველოს მასშტაბით მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული გაიხსნა, რომელიც შვიდი დღე გაგრძელდება და 17 ნოემბერს, სტუდენტთა საერთაშორისო დღეს დაიხურება. კვირეულს ორგანიზებას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის ტრენინგები, სემინარები, საჯარო ლექციები, კონფერენციები და ექსკურსიები.

11 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფი  სამედიცი უნივერსიტში „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული 2015“ პირველი  საჯარო ლექციით ოფიციალურად გაიხსნა, რომელიც პროექტის ორგანიზატორმა, თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის  დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლუიზა გაბუნიამ გახსნა. მან საზოგადოებას გააცნო კვირეულის  ფარგლებში უნივერსიტეტში დაგეგმილი აქტივობები.

პირველი მოხსენება თსსუ-ის ექსპერიმენტული და პრეკლინიკური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა  ზურაბ კაკაბაძემ წარმოადგინა. ლექცია ,,ღეროვანი უჯრედები და ბიოინჟინერია- 3D მატრიქსები და მათი როლი ახალი ორგანოებისა და ქსოვილების შექმნაში“  სიმბოლურად ორ ნაწილად იყო დაყოფილი - ტრანსპლანტაცია დონორების გარეშე და ქსოვილებისა და ორგანოების ბიოინჟინერია. ლექციაზე დამსწრე საზოგადოება გაეცნო სხვადასხვა ქვეყნის მიღწევებს ბიოინჟინერიის კუთხით, ასევე პროექტების შესაძლებლობებსა და უპირატესობებს.

ზურაბ კაკაბაძემ ქართველი მეცნიერების მოღვაწეობის ოცწლიანი ისტორიაც მიმოიხილა. განიხილა რა კეთდებოდა ადრე, თუ როგორ ჩნდებოდა იდეები, როგორ ჰპოვებდა  განვითარებას  და როგორ მოდიოდა აღიარება.  მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ საკითხენზე, თუ რა კეთდება დღეს და რისი გაკეთება იგეგმება უახლოეს მომავალში.

პროფესორმა კაკაბაძემ ასევე ისაუბრა მომავლის პროექტებზეც, მათ შორის  უჯრედებისა და  ქსოვილების ,,3 D Bio Printing“-ზე.

მოხსენება განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რადგან გამდიდრებული იყო დოკუმენტური მასალებითა და მოკლემეტრაჟიანი ფილმებით, რაც კიდევ უფრო საინტერესოს  და ინოვაციურს ხდიდა ლექციის მიმდინარეობას.

მეორე ლექცია ,,ეპიგენეტიკური რევოლუცია“  წარმოადგინა თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ელენე აბზიანიძემ.

ეპიგენეტიკა ბიოლოგიის ახალი მიმართულება და მომავლის მედიცინის ნაწილია.   პროფესორმა აბზიანიძემ პოპულარული ენით მიმოიხილა ეპიგენეტიკის ძირითადი მიმართულებები, ეპიგენეტიკური მეხსიერება და ეპიგენეზი, ასევე მისი კავშირი დაავადების განვითარებასთან. მან აღნიშნა, რომ როგორც თითქმის ყველა დაავადების მიზეზი, ასევე დაავადების გასაღებიც  ეპიგენეტიკაში უნდა ვეძებოთ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ საგნის პოპულარიზაცია და ცოდნის გაღრმავება, განსაკუთრებით კი ექიმებში.

,,ხშირად მხოლოდ აღწერა არ არის საკმარისი, მთავარია პასუხი გაეცეს კითხვებს რატომ? და როგორ?, სწორედ ამ კითხვებზე პასუხი არის ეპიგენეტიკაში“ - ამ სიტყვებით დაასრულა პროფესორმა ელენე აბზიანიძემ საკუთარი მოხსენება.

ლექციის ბოლოს ჩატარდა ვორქშოპი  - ,,საჩუქრად საკუთარი დნმ“.

სტუდენტებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ვორქშოპში, გადაეცათ საკუთარი დნმ, რომელიც ღონისძიების პროცესში იქნა გამოყოფილი.