თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 14 ნოემბრის ღონისძიებები მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში

 

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული  გრძელდება.14 ნოემბერს ექსპო-ჯორჯიაში გაიმართა გამოფენა -  „სახალისო მეცნიერება სკოლის მოსწავლეთათვის“. გამოფენაზე სამეცნიერო ნაშრომებთან  და  სახელმძღვანელოებთან  ერთად  წარმოდგენილი იყო  თსსუ–ის იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის  მიერ  შექმნილი  სამკურნალწამლო  საშუალებები   და თსსუ-ის  კლინიკური  უნარ-ჩვევების  ცენტრის თვალსაჩინოებები: მულაჟები და სიმულატორები. დამთვალიერებლების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია გადადუდებელი სამედიცინო დახმარების მანიპულაციებმა, რომლებსაც ატარებდნენ კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის თანამშრომლები: ცენტრის დირექტორი, პროფესორი ირმა მანჯავიძე და სხვა კლინიკური  ინსტრუქტორები, რეზიდენტები  და  სტუდენტები.

სამედიცინო  უნივერსიტეტის   მიერ  წარმოდგენილ  თვალსაჩინოებას  და  მასალებს  განსაკუთრებული  ყურადღება  მიქციეს  გამოფენის  საპატიო  სტუმრებმა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ  და  მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ, რომლებიც  ექსპო-ჯორჯიაში  თავიანთ   შვილებთან ერთად მობრძანდნენ და  დიდი ინტერესით  დაათვალიერეს გამოფენა.

ამავე  დღეს, კვირეულის  ფარგლებში   თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამეცნიერო უნარ–ჩვევების ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია – „სამეცნიერო კვლევის ეთიკური ასპექტები“. კონფერენცია გახსნა თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა. კონფერენციაზე  საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს:   პროფესორმა   რამაზ შენგელიამ  - „ბიოსამედიცინო კვლევები: მეთოდოლოგიისა და ანალიზის ეთიკური პრინციპები“; პროფესორმა გივი ჯავაშვილმა  - „სამედიცინო კვლევის ეთიკური და სამართლებრივი რეგულაცია - საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს გამოცდილება“; ასოცირებულმა პროფესორმა ლუიზა გაბუნიამ - „ცხოველებზე წარმოებული კვლევის ეთიკის საკითხები“; ასოცირებულმა პროფესორმა შორენა ხეცურიანმა  - „სამეცნიერო ნაშრომის პუბლიკაციის ზოგიერთი ეთიკური საკითხი“ და  თსსუ -ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის წინაკლინიკური ფარმაკოლოგიური კვლევის განყოფილების გამგემ, კარენ მულკიჯანიანმა - „ფარმაკოლოგიური და ტოქსიკოლოგიური კვლევების თანამედროვე მიდგომები“. ასევე, მეტად საინტერესო მოხსენებებით წარსდგნენ თსსუ-ის ახალგაზრდა მეცნიერები - დოქტორანტები, რეზიდენტები და სტუდენტები, რომლებმაც  წარმოადგინეს თავიანთი მიმდინარე კვლევის შედეგები ეთიკური ასპექტების თვალსაზრისით. 

ჩატარებული სამეცნიერო კონფერენცია თსსუ-ის 14 ნოემბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო  მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში.