„Global Healing“–ის წარმომადგენელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის 17 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: განვითარებად ქვეყნებში თანამედროვე მედიცინის განვითარებისთვის შექმნილი კომპანია  „Global Healing“  პროგრამის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ერინ კოინი და ა(ა)იპ „ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრის“ პრეზიდენტი ირაკლი მეტრეველი. სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი.   

„Global Healing“ საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მიზანია შეზღუდული და მწირი რესურსების მქონე ქვეყნებში თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნების შესაბამისი მომსახურების გავრცელება.

1994 წლიდან კომპანიამ საქართველოში განახორციელა სხვადასხვა პროგრამები: პედიატრიული კარდიოლოგია, სისხლის ბანკი საავადმყოფოში, ბიოსამედიცინო ინჟინერიის სასწავლო კურსი, ნეონატოლოგიური ინტენსიური თერაპია, ზრდასრულთა გულის პრობლემების მოვლა, კათეტერიზაციის ლაბორატორია, ელექტროფიზიოლოგიური მომსახურება და ეროვნული რეფორმა სისხლის უსაფრთხოებისთვის.

ამჯერად, „Global Healing“ იწყებს ახალ პროგრამას პედიატრიულ ონკოლოგიაში, რომლის ფარგლებშიც მოხდება ექიმებისა და ექთნების გადამზადება და ჩატარდება სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. როგორც დოქტორმა ერინ კოინმა აღნიშნა, ამ პროგრამის განხორციელებაში მათ პარტნიორად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აირჩიეს.

თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და ვიცე–რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა მზადყოფნა გამოხატეს თანამშრომლობისათვის.