პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჩვენებელი ტრენინგი თსსუ–ში კვლავ გაიმართა

მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, საშუალო სკოლების მოსწავლეებისთვის, გაიმართა პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჩვენებელი ტრენინგი.

განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული ,, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის“  ფარგლებში, ა.წ. 12 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უკვე ჩატარდა მსგავსი ღონისძიება და მსურველთა დაინტერესებამ მოსალოდნელს ბევრად გადააჭარბა. ამის გათვალისწინებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ  მიზანშეწონილად ჩათვალა კვლავ  დაეგეგმა მსგავსი ღონისძიება.

ტრენინგზე დასასწრებად  წინასწარ გაიარეს რეგისტრაცია თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის, პირველი ექსპერიმენტული სკოლის, სკოლა ,,ოლიმპის“, სკოლა ,,მთიების“, 17–ე, 22–ე, 61–ე, 71–ე, 74–ე,  89–ე, 129-ე, 155–ე, 157-ე, 175–ე, 199–ე  საჯარო  სკოლების მოსწავლეებმა.  უნდა აღინიშნოს, რომ ტრენინგზე დარეგისტრირებულთა შორის ასევე იყვნენ: გორის მე–2 საჯარო სკოლის აღსაზრდელები  და  სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.  დაინტერესებულთა რაოდენობამ 130–ს გადააჭარბა. 

ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ  პირველადი გადაუდებელი დახმარების შემდეგ საკითხებს:

ინექციების სახეები და მათი შესრულების ტექნიკა;  დაზარალებულთან ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია; კისრის ფიქსაცია ავტოსატრანსპორტო შემთხვევების დროს;  სიცოცხლის ძირითადი მაჩვენებლების– წნევის, ტემპერატურის, პულსის,  სუნთქვის გაზომმვა;  გულ-ფილტვის რეანიმაცია, ხელოვნური სუნთქვა.