გერმანელი ექიმები და ფარმაცევტები საქართველოში და საქართველოსთვის

მიმდინარე წლის 11 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საღამო „გერმანელი ექიმები და ფარმაცევტები  საქართველოში და საქართველოსთვის“.

საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობა გასული ორი საუკუნის მანძილზე საკმაოდ საინტერესოდ ვითარდებოდა, დღემდე საქართველოში არაერთი კულტურული ძეგლია, რომელიც სწორედ გერმანელთა მიერ არის შექმნილი და აგებული. ამას გარდა, დიდი იყო გერმანელების ღვაწლი სხვადასხვა სამეცნიერო სფეროში, მათ შორის მედიცინაშიც.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შეიკრიბნენ: საქართველოს გერმანელთა სათვისტომოს ასოციაცია „აინუნგის“ წევრები, ცნობილი გერმანელი ექიმებისა და ფარმაცევტების შთამომავლები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, ვიცე–რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე და პროფესორი რიმა ბერიაშვილი,  გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში მოღვაწე პროფესორი მიხაილ ლენტცე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად ჩამოსული მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის  უნივერსიტეტის პროფესორები: რაინოლდ ლანგი, ფრიც შპელსბერგი, გეორგიუს მაიამარაკისი, ფლორიან ვაისი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ზოგადი ქირურგიის უმაღლესი კატეგორიის ქირურგი, ზოგადი და ვისცერალური ქირურგიის განყოფილების უფროსი ექიმი გიორგი გრიგოლია, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.

ღონისძიება გახსნა თსსუ–ის ვიცე–რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ.

საქართველოში მოღვაწე გერმანელი მედიკოსებისა და ფარმაცევტების ღვაწლი მიმოიხილა პროფესორმა რამაზ შენგელიამ.

გერმანულ–ქართულ ურთიერთობებზე ისაუბრა პროფესორმა ნინო აბრალავამ.

აუდიტორიას მიმართეს თსსუ–ის სტუმრებმა: ქართველ გერმანელთა სათვისტომოს უფროსმა გარი აუგუსტმა, საქართველოში მოღვაწე ექიმების ოჯახის შთამომავალმა, მხატვარმა, ქალბატონმა  თინა ჰაინემ და საქართველოში მოღვაწე გერმანელმა პროფესორმა მიხაილ ლენტცემ.

როგორც პროფესორმა მიხაილ ლენტცემ აღნიშნა, მისთვის საქართველო უკვე სამშობლოსავითაა და ხშირად გერმანიაში ამბობს: დროა, შინ წავიდეთ საქართველოშიო...

გერმანელ ექიმებს, რომლებიც დღეს საქართელოში მოღვაწეობენ და გერმანიაში მოღვაწე ქართველ ექიმს – გიორგი გრიგოლიას, ქართველ გერმანელთა სათვისტომოს სახელით, დიდი მადლობა გამოუცხადა ბატონმა გარი აუგუსტმა.

14 დეკემბერს საქართველოს გერმანელთა სათვისტომოს წევრები თსსუ–ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ეწვივნენ, სადაც გაიხსნა გერმანელი მეცნიერის რუდოლფ ვირხოვის სახელობის კაბინეტი. სათვისტომოს წევრებს შეხვდა კლინიკის გენერალური დირექტორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ირაკლი კოხრეიძე, რომელმაც სამომავლო გეგმები გააცნო მათ.

საქართველოში მცხოვრებმა გერმანელებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს უდიდესი მადლიერება თსსუ–ის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას და თსსუ–ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, მედიცინის აკადემიური დოქტორის, ირაკლი კოხრეიძის მისამართით.