ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ლექცია–მასტერ კლასების ახალი ციკლი

   
   

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურ კლინიკაში სასიამოვნო და საჭირო ტრადიციად იქცა ოდონტოლოგიის დეპარტამენტის მიერ კლინიკის ექიმებისათვის ლექცია-მასტერ კლასების ჩატარება.

პირველი ამგვარი შეხვედრა ოდონტოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „პირის ღრუს საიზოლაციო სისტემების გამოყენების“  შესახებ ჩაატარეს, ხოლო  ამჯერად,  ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ მარინა  მამალაძის ინიციატივით,  სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკების (თსსუ აპოლონ ურუშაძის სახელობის, თსსუ–ის N.1  და N.2 სტომატოლოგიური კლინიკები) ექიმებისთვის დაიწყო ლექცია-მასტერ კლასების ახალი ციკლი  – „თანამედროვე რესტავრაციული სტომატოლოგიისა და კლინიკური ენდოდონტიის პრაქტიკული საკითხები.“

8 თებერვალს ამ ციკლის პირველი პრეზენტაცია შედგა: „არხთა სისტემის ენდოდონტიური დამუშავების თანამედროვე პრინციპები - კორონალური მისადგომიდან აპექსამდე“.

ღონისძიებას 17 თერაპევტ-სტომატოლოგი დაესწრო. საინტერესო პრეზენტაციას თან მოჰყვა თანამედროვე საშუალებებით აღჭურვილი მასტერ-კლასი (ვორქშოფი), სადაც თითოეული მსმენელისთვის მომზადებული იყო ინდივიდუალური  სამუშაო ადგილი. მსმენელებმა ნაბიჯ-ნაბიჯ შეასრულეს ყველა ის პრაქტიკული ეტაპი, რასაც კბილის ფესვთა არხების დამუშავების თანამედროვე პროტოკოლი მოითხოვს.

მასტერ-კლასის აღჭურვასა და ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტაში უშუალოდ მონაწილეობდა კლინიკის დირექტორი, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ლია სანოძე და მისი მოადგილე სამკურნალო დარგში, სოფიო ჭინჭარაძე.

ლექცია-მასტერ კლასების დანარჩენი ეტაპები უკვე გაწერილია და გრაფიკის შესაბამისად ჩატარდება, რის შესახებ წინასწარ ეცნობებათ კლინიკების დირექტორებს.