თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და აშშ ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) საქართველოს წარმომადგენლობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

   
   

2016 წლის 29 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და აშშ ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) საქართველოს წარმომადგენლობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმება მიზნად ისახავს კლინიკური და ლაბორატორიული კვლევების სფეროში სასწავლო სტაჟირებას დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში. 

პროექტი, რომლის იდეაც თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელებს და ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობას ეკუთვნის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას მისცემს, სასწავლო პროგრამის კვლევითი ნაწილი რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში გაიარონ და გაეცნონ დარგში მიმდინარე საერთაშორისო პროექტებს. 

ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და ვოლტერ რიდის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა დანა რენტამ. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ვიცე–რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე, ვიცე–რექტორი გიორგი აბესაძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) პროფესორი, საქართველოსა და თბილისის საპატიო მოქალაქე კენეტ ვოლკერი, ემორის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასისტენტ-პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელი  არჩილ უნდილაშვილი, აშშ-ს არმიის სამედიცინო კვლევის საქართველოს განყოფილების დირექტორი მარკ ჰართელი, აშშ-ს არმიის სამედიცინო კვლევის საქართველოს განყოფილების საერთაშორისო პროგრამების დირექტორი ბრეტ ტეილორი და აშშ-ს არმიის სამედიცინო კვლევის საქართველოს განყოფილების ბიზნეს მენეჯერი არჩილ გაგნიძე. 

აშშ ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს განყოფილება განთავსებულია რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის ცენტრში. პროექტის ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობით ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული სამედიცინო განათლების და სამეცნიერო კადრების მომზადების საქმეში. 

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ემორის უნივერსიტეტთან (აშშ, ატლანტა) თანამშრომლობით ხორციელდება და ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის კურიკულუმზეა დაფუძნებული. სტუდენტების ფუნდამენტურ და კლინიკურ კვლევებში მონაწილეობა და სამეცნიერო გამოცდილების შეძენა პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ზემოაღნიშნული მემორანდუმი თსსუ-ის საერთაშორისო აკადემიურ ასპარეზზე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.