პროფესორ გენადი ბრატისლავსკის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

2016 წლის 4 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის (ამერიკის შეერთებული შტატები) უროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გენადი ბრატისლავსკი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორი  გურამ ქარაზანაშვილი. სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორები: პროფესორი რიმა ბერიაშვილი და გიორგი აბესაძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, თსსუ-ის ქირურგიის დეპარტამენტის N.1 უროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ქოჩიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით დელიბაშვილი და უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე.

ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორმა გენადი ბრატისლავსკიმ აღნიშნა, რომ მას, როგორც წარმოშობით უკრაინელს, საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მეგობრობის გრძნობა აქვს, ასევე მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპატიოა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან მეგობრობა და პროფესიული ურთიერთთანამშრომლობა.

პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მადლობა გადაუხადა სტუმარს თსსუ-ში მობრძანებისთვის და ძალიან საინტერესო ლექციის -  ”თანამედროვე უროლოგია” წაკითხვისათვის.  იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება.