ოდონტოლოგიის დეპარტამენტის მორიგი მასტერ-კლასი პრაქტიკოსი ექიმებისთვის

   
   

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურ კლინიკაში უკვე ტრადიციად იქცა ლექცია მასტერ-კლასების ციკლი პრაქტიკოსი ექიმებისათვის, რომელსაც ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე ახორციელებს.

2016 წლის 8-9 აპრილს ჩატარებულ ლექცია-მასტერ კლასზე გაშუქდა თემა: „თანამედროვე საბჟენი მასალებისა და ადჰეზიური სისტემების კორექტული გამოყენება“, ხოლო პრეზენტაციის დასრულებისთანავე ჩატარდა მასტერ-კლასი, რომელიც „მოლარების საკონტაქტო პუნქტის მოდელირებას“ მიეძღვნა.

ღონისძიებაში მონაწილე ექიმებისთვის მოწყობილი იყო ინდივიდური სამუშაო ადგილები. თითოეულ მსმენელს საშუალება მიეცა, მათთვის განკუთვნილ ოკლუდატორებზე ჩაეტარებინათ ბლეკით კლასი 2 კარიესული დეფექტების რესტავრაცია თანამედროვე კომპოზიციური საბჟენი საშუალებებით, ადჰეზიური სისტემებისა და სექციური მატრიცების გამოყენებით.

მასტერ-კლასზე დამსწრე თითოეულ ექიმს პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისებაში პროფესორ მარინა მამალაძესთან ერთად ეხმარებოდნენ ამავე კლინიკის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლია სანოძე, ექიმ-თერაპევტები: ქეთევან ფარესიშვილი, გვანცა მუხიგულაშვილი და სალომე წითაძე. საორგანიზაციო საკითხებს კურირებდა დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში სოფიო ჭინჭარაძე.

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია და კომპანია „Dentstal“-ი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყველა სტომატოლოგიური კლინიკის ექიმებს, კიდევ ერთხელ მიეცათ საშუალება თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები აემაღლებინათ სტომატოლოგიის მათთვის ძალზედ მნიშვნელოვან საკითხებში.