ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტის, ვირუსოლოგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ალექსანდრე ანჯაფარიძის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2016 წლის 19 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია შეხვდა ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტს, ვირუსოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ალექსანდრე ანჯაფარიძეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ვიცე–რექტორი გიორგი აბესაძე, სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, პროფესორი ნინო ვეფხვაძე, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორი, ასისტენტ-პროფესორი ეკა ეკალაძე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულების ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ირაკლი მჭედლიშვილი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლევან ბარამიძე.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. ასევე, დაიგეგმა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ალექსანდრე ანჯაფარიძის ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ალექსანდრე ანჯაფარიძე ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს და გაერთიანებული ერების სააგენტოებს, არის  მრჩეველი პრევენციული და გადამდები დაავადებების კონტოლისა და მათთან დაკავშირებული პროექტების განვითარების კუთხით. აწარმოებს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO)  გაიდლაინების რევიზიას, ინფექციური დაავადებების აფეთქებების კვლევასა და კონტროლს. საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე B და C ჰეპატიტის, დენგეს ცხელების   ტექნიკურ  მრჩეველთა  ჯგუფის  წევრია.  პრევენციული მედიცინის და ინფექციური დაავადებების კონტროლის კუთხით ჯანდაცვის სპეციალისტების ტრენერია.

წლების განმავლობაში მუშაობდა სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის რეგიონის ქვეყნებში ინფექციური დაავადებების შეფასებისა და მონიტორინგის ექსპერტად, ჯანმრთელობის საერთაშორისო  რეგულაციების განხორციელების პასუხისმგებელ პირად. მონაწილეობდა პანდემიებისას მზადყოფნის და რეაგირების ეროვნული გეგმის შემუსავებაში. აწარმოებდა ვირუსული ჰეპატიტის კონტროლს და პრევენციას რეგიონში. ხელი შეუწყო ლაბორატორიული სიმძლავრეების, ვირუსული ჰეპატიტის ტექნიკური მრჩეველთა კომიტეტის და ვირუსული ჰეპატიტის პრევენციის და კონტროლის სტრატეგიის განვითარებას რეგიონის დონეზე.

2013 წელს მიღებული აქვს მედალი E ჰეპატიტის აღმოჩენაში შეტანილი წვლილისათვის.