ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელის - IncoNetEaP” მეშვიდე კონფერენცია

   
   

ევროკავშირის მეშვიდე ჩარჩო პროგრამით დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP-ის მიერ, 2016 წლის 19-20 აპრილს ჩატარდა პოლიტიკის განმსაზღვრელთა კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ჯანდაცვის საკითხებს, როგორც ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის სამიზნე მიმართულებას. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი, ასოცირებული და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები  გადაწყვეტილების მიმღებიპოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანიზაციებიდან, სამეცნიერო წრეებიდან და კერძო სექტორიდან. კონფერენციის მონაწილეთა შორის იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოთერაპიის დეპარტამენტის ასოცრებული პროფესორი მაია ოკუჯავა, რომელიც  ევროკავშირის ჩარჩო პროგრამის Horizon 2020-ის ეროვნული საკონტაქტო პირია საქართველოში ჯანმრთელობის დარგში.

კონფერენციის მიზანი იყო ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლების ერთობლივ სამეცნიერო და ინოვაციურ პროექტებში მონაწილეობის თაობაზე გამოცდილების გაზიარება და შემდგომში საერთაშორისო თანამშრომლობის, კონკრეტული სამეცნიერო ინოვაციური პროექტების განხორციელების და პარტნიორების მოძიების ხელშეწყობის შესაძლებლობების განხილვა.

კონფერენციის პირველ დღეს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააშუქეს საერთაშორისო თანამშრომლობის სტრატეგია, ინიციატივები და აგრეთვე პროგრამები, რომელთა განხორციელებაც ხდება ევროკავშირის წევრ და ასოცირებულ ქვეყნებში და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.

დღისწესრიგის მეორე ნახევარი მიეძღვნა კვლევის სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ გამოწვევებს და ევროკავშირის ქვეყნებთან შესაძლო თანამშრომლობის მიმართულებებს.

მოდერირებულ დისკუსაიში საქართველოს წარმოადგენდა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია ოკუჯავა. კონფერენციაზე შემუშავდა არაერთი რეკომენდაცია ჯანმრთელობის კვლევისა და ინოვაციის მიმართულებით ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად.