„სტუდენტური დღეები 2016“ დაიწყო

   
   

2016 წლის 17 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ახალგაზრდული პროექტი „სტუდენტური დღეები 2016“ დაიწყო. სტუდენტური დღეების გახსნისადმი მიძღვნილი კონცერტი ვაკის პარკში გაიმართა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილიც ესწრებოდა. მან შეკრებილ სტუდენტებს სიტყვით მიმართა და „სტუდენტური დღეების“ დაწყება მიულოცა.

„მეგობრებო, ეს წელი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნისთვის. ყველას მოგეხსენებათ, რომ წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილეა. სწორედ ამიტომ, „სტუდენტური დღეების“ ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება მიეძღვნება ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. რომ არა ახალგაზრდები და მათი სულისკვეთება, დღეს შეიძლება ქვეყანაში სულ სხვა რეალობა გვქონოდა. სწორედ სტუდენტების, ახალგაზრდების ერთობლივი ძალისხმევით, პატრიოტული შემართებით მივაღწიეთ საერთო მიზანს. დღეს, როცა ასე ერთიანებს, მიზანდასახულებს და გახარებულებს გხედავთ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ჩვენს ქვეყანას დიდი მომავალი აქვს. 

გილოცავთ ყველას „სტუდენტური დღეები 2016“-ის გახსნას, თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ წარმატებას“ - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.


სტუდენტურ დღეებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად 46 უმაღლესი სასწავლებელია ჩართული. პროექტის ფარგლებში უმაღლეს სასწავლებლებს შორის კულტურულ-გასართობი, სპორტული და ინტელექტუალური კონკურსები ტარდება, რომელსაც კომპეტენტური ჟიური აფასებს.
პროექტი 17 ივნისამდე გაგრძელდება.