პროფესორ მანანა ქუთელიას საიუბილეო საღამო

   
   

"დაუვიწყარი ამაგი" _ ასე ჰქვია პროფესორ მანანა ქუთელიას ხსოვნისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმს, რომლის ავტორიც გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრის დირექტორი, პროფესორი  ნინო აბრალავა.

20 მაისს, ქალბატონ მანანა ქუთელიას დაბადების დღეს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უცხო ენების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ფილმის ჩვენება.

ფილმში ცოცხლდება ქალბატონ მანანა ქუთელიას ცხოვრება და მოღვაწეობა, რამაც დამსწრე საზოგადოების, ქართველი და უცხოელი კოლეგების  გულები კიდევ ერთხელ აღავსო სითბოთი და სიყვარულით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე და პროფესორი რიმა ბერიაშვილი, კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, თსსუ-ის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, მოწვეული სტუმრები...

ფილმის პრეზენტაცია გახსნა ავტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ნინო აბრალავამ:

„შევეცადე, ფილმში გამეცოცხლებინა ქალბატონი მანანა ჩვენს ხსოვნაში, ისეთი როგორიც იყო სინამდვილეში. ამაგის დაბრუნება შეუძლებელია, ეს ფილმი არის მხოლოდ ჩემი მხრიდან მადლიერების გამოხატვის მოკრძალებული მცდელობა და ერთგვარი ანგარიში მისი სულის ხსოვნის წინაშე.“ - აღნიშნა ფილმის ავტორმა, ქალბატონ მანანას ყოფილმა დოქტორანტმა, პროფესორმა ნინო აბრალავამ.

ღონისძიებაზე ქალბატონი მანანა გულთბილად გაიხსენეს ქართველმა და უცხოელმა კოლეგებმა და აღნიშნეს მისი დიდი ღვაწლი მეცნიერებისა თუ ქართულ-გერმანული ურთიერთობების განვითარების საქმეში.