საზაფხულო საგანმანათლებლო–სამკურნალო ბანაკი დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის

   
   

2016 წლის 1 აგვისტოს საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია „ACTS Georgia“-მ  და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა დიაბეტით დაავადებული ბავშვებისათვის კიდევ ერთი საზაფხულო საგანმანათლებლო–სამკურნალო ბანაკის დაწყება აღნიშნა.  დასასვენებლად და თავისი დაავადების მართვის შესასწავლად,  ყვარელში გაემგზავრა  დიაბეტით დაავადებული 50 ბავშვი. ტრადიციულად, გამგზავრებამდე ბანაკის ორგანიზატორები, ბავშვები და მათი მშობლები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ. სტუმრებს დახვდნენ თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი.

აუდიტორიაში შეკრებილ ბავშვებს მიესალმნენ: საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ACTS Georgia“–ს  პრეზიდენტი – გიორგი წილოსანი, ვიცე–პრეზიდენტი გურამ ამირიძე,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი  გოჩა ზეიკიძე.

გურამ ამირიძის განცხადებით, სულ მალე დმანისში „ACTS Georgia“–ს  საკუთარი შენობა ექნება, რის შემდეგაც ბანაკების მოწყობა უფრო ხშირად გახდება შესაძლებელი. მან აღნიშნა, რომ უკვე 21-ე წელია, ეწყობა საგანმანათლებლო-სამკურნალო ბანაკი ბავშვებისთვის, რომელიც ორმა პროფესორმა: რონალდ ჯეიმსმა და კობა კოპლატაძემ ჩამოაყალიბეს. სამწუხაროდ, ორივე მათგანი გარდაცვლილია. აუდიტორიამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს ამ უმნიშვნელოვანესი საქმის  კეთების გამო. აღნიშნა, რომ წელს პირველად, გარკვეული მიზეზების გამო, ბავშვების გასაცილებლად ვერ მოვიდა პატრიცია ბლერი – „ACTS International”-ის პრეზიდენტი, თუმცა მისი თანადგომა ყოველთვის იგრძნობა საგანმანათლებლო-სამკურნალო ბანაკის მოწყობაში. მან კარგი დასვენება და ნაყოფიერი სწავლა უსურვა ბანაკის მონაწილეებს.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, გოჩა ზეიკიძემ განაცხადა, რომ მცხეთა-მთიანეთის გუბერნია მზად არის მხარდაჭერა გამოუცხადოს ამ პროექტს და დასასვენებლად საკუთარი ტერიტორია შესთავაზოს სამომავლოდ.

ბანაკში მონაწილე ბავშვებს სამედიცინო კონსულტაციას თსსუ–ის კურსდამთავრებული ექიმი, ქალბატონი ლიკა კაჭარავა გაუწევს.

ტრადიციულად, ვიდრე ყვარელში გაემგზავრებოდნენ, ბავშვებმა, მათმა მშობლებმა,  ბანაკის ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.