გოეთეს ინსტიტუტში პროფესორ ნინო აბრალავას დოკუმენტური ფილმის ”დაუვიწყარი ამაგი” ჩვენება გაიმართა

   
   

გოეთეს ინსტიტუტში პროფესორ ნინო აბრალავას დოკუმენტური ფილმის ”დაუვიწყარი ამაგი” ჩვენება გაიმართა, რომლითაც პროფესორ მანანა ქუთელიას ღვაწლი გაიხსენეს. 

გოეთეს ინსტიტუტში ღონისძიება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსა და გერმანული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.

ფილმის ჩვენებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, ზურაბ ვადაჭკორია, ასევე გერმანიის ელჩი საქართველოში ჰაიკე პაიჩი და სხვა პირები ესწრებოდნენ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ განაცხადა, რომ მანანა ქუთელია ათწლეულების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამედიცინო უნივერსიტეტში უცხო ენების ცენტრს. ის იყო დიდი გერმანისტი და მას უდიდესი დამსახურება აქვს ქართველი ექიმების და სტუდენტების გერმანიასა და ავსტრიაში სტაჟირების ორგანიზების საქმეში. 
ზურაბ ვადაჭკორიას განცხადებით, პროფესორმა მანანა ქუთელიამ თაობები აღზარდა და ასევე დიდია მისი წვლილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გერმანიასა და ავსტრიულ უნივერსიტეტებთან კონტაქტების ჩამოყალიბებაში. მისივე თქმით, ამავე უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელი დღეს ნინო აბრალავაა, რომელიც მანანა ქუთელიას აღზრდილია.
რექტორის განცხადებით, აბრალავამ ავსტრიელ მეუღლესთან ერთად გადაიღო ფილმი „დაუვიწყარი ამაგი“, რომელიც მანანა ქუთელიას ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

თავის მხრივ, პროფესორმა ნინო აბრალავამ აღნიშნა, რომ მანანა ქუთელიამ ქართულ სინამდვილეში პირველად შეიმუშავა კომუნიკაციაზე ორიენტირებული სამედიცინო დარგობრივი ენის მეთოდოლოგია. 

”ქალბატონი მანანა ქუთელია იყო მეცნიერი, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე იცნობდნენ და ძალიან აფასებდნენ, როგორც მეცნიერს. მანანა ქუთელია იყო საზოგადო მოღვაწე, რომელიც სახელმწიფოებრივ საქმეს აკეთებდა”, - განაცხადა ნინო აბრალავამ.

შეხვედრის მონაწილეებს გერმანიის ელჩმა ჰაიკე პაიჩმაც მიმართა. ელჩმა განაცხადა, რომ მანანა ქუთელია 40 წელი მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ-გერმანული ურთიერთობების განვითარებაში. ასევე, საქართველოში გერმანული ენის პოპულარიზაციის საქმეში.