სკეჩები გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე

 ნებისმიერ დროს შესაძლოა, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის აუცილებლობის წინაშე დავდგეთ, ამიტომ საჭიროა თითოეული ჩვენგანი ფლობდეს საკმარის ცოდნას პირველი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შესახებ. სწორედ ამ მიზნით,  21 სექტემბერს უნივერსიტეტის ,,წითელ დარბაზში“ თავი მოიყარა თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა და უნივერსიტეტის სტუდენტებმა,  სადაც გაიმართა ღონისძიება - ,,სკეჩები გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე“.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: თსსუ-ის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი და  თსსუ-ის დრამატული თეატრი ,,ჰიგია“.

შეხვედრაზე  წარმოდგენილი იყო  ინსცენირებული სიუჟეტები ტრავმის, სისხლდენის, გულყრის, გველის ნაკბენის დროს.   თსსუ-ის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის წარმომადგენელმა, გიორგი კვიცინიძემ განიხილა თითოეული შემთხვევა, აუდიტორიას განუმარტა, თუ რა სახის ღონისძიებების ჩატარებაა დაუშვებელი და რა უნდა  გაკეთდეს  საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით.

მიღებული ცოდნის საფუძველზე  დარბაზიდან მოწვეულმა  მოხალისეებმა  თავად სცადეს  მულაჟებზე ლახტის სწორი დადებით სისხლდენების მართვა, ზედა სასუნთქი გზების უცხო სხეულისაგან გათავისუფლება და  გულის არაპირდაპირი მასაჟი.