თსსუ–ს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა – „თეთრი ხალათების ცერემონია 2016“

   
   

2016 წლის 28 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში თსსუ–ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ყოველწლიური „თეთრი ხალათების ცერემონია“ გაიმართა.

„დიპლომირებული  მედიკოსის ამერიკული პროგრამა“,  რომელიც შემუშავდა და განხორციელდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) სამედიცინო სკოლის (ESOM) ერთობლივი  პროექტის საფუძველზე, წელს მეოთხედ იღებს სტუდენტებს, თუმცა უკვე სარგებლობს დიდი ავტორიტეტით.   ეს განპირობებულია მაღალი დონის ინგლისურენოვანი სწავლებითა და პროგრამის სტრუქტურით, რომელიც გაუადვილებს სტუდენტებს, სწავლის პროცესშივე ჩააბარონ ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო ლიცენზირების გამოცდის (United State Medical Licensing Examination – USMLE ) ორივე საფეხური ეტაპობრივად. სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს მიენიჭება „დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი“.

მიმდინარე სასწავლო წელს პროგრამაზე სწავლა დაიწყო 70 სტუდენტმა.

„თეთრი ხალათების ცერემონია“ გახსნა ემორის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორმა ასტენტ–პროფესორმა არჩილ უნდილაშვილმა. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პირველსემესტრელებს სწავლის დაწყება მიულოცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. მან თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა ადამ ლამორუს – ამერიკის შეერთებული  შტატების სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში, მარკ ჰართელს – ამერიკის შეერთებული  შტატების არმიის სამედიცინო კვლევის განყოფილება – საქართველოს დირექტორს, ზოჰერ კაპასს – ემორისუ უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ფიზიკური თერაპიის დეპარტამენტის პროფესორს.

საგანგებოდ თეთრი ხალათების ცერემონიალისა და კენეტ ვოლკერის იუბილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციისთვის საქართველოს სტუმრობენ ემორის უნივერსიტეტისა (აშშ, ატლანტა) და სხვა ამერიკელი მედიკოსები: რამონ სუარეზი - FACOG პრეზიდენტი;  გორდონ ჩარჩვორდი, ბრაიან მაკნელი, ჯესიკა არლაკი, დუგლას ანდერი, ჯენიფერ გადკინი, ალექსანდერ ისაკოვი (ემორის უნივერსიტეტი); ელიოტ გოზანსკი - (პიტსბურგის უნივერსიტეტი).

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის საზეიმო ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორები: პროფესორი რიმა ბერიაშვილი, პროფესორი ხათუნა თოდაძე, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი გიორგი აბესაძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, თსსუ–ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებული თსსუ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მეორე კურსის სტუდენტები. ისინი  ერთი თვის განმავლობაში ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში იმყოფებოდნენ, სადაც გაეცნენ ამერიკულ სამედიცინო განათლებას და დასავლურ სამედიცინო სისტემას.

„თეთრი ხალათების ცერემონიის“ დასკვნით ნაწილში, ტრადიციულად, პირველსემესტრელები თსსუ–ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სიმბოლიკიანი თეთრი ხალათებით შემოსეს: პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ადამ ლამორუმ – ამერიკის შეერთებული  შტატების სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა.

ღონისძიების ბოლოს აუდიტორიას შემაჯამებელი სიტყვით მიმართა თსსუ–ის ვიცე–რექტორმა რიმა ბერიაშვილმა. მან კიდევ ერთხელ განმარტა,თუ  რა დიდი შრომა უძღვის  „დიპლომირებული  მედიკოსის ამერიკული პროგრამის“ შექმნას და რა მნიშვნელოვანია ამ პროგრამის არსებობა უნივერსიტეტისთვისა თუ  ჩვენი ქვეყნისთვის.

წლევანდელი ღონისძიება გამორჩეული იყო იმითაც, რომ ის პროფესორ კენეტ ვოლკერის,  ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა), თბილისისა და საქართველოს საპატიო მოქალაქის, 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.

დასასრულს, „დიპლომირებული  მედიკოსის ამერიკული პროგრამის“ სტუდენტებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს საპატიო სტუმრებთან და თსსუ–ის პროფესორებთან. მათ  იმედი გამოთქვეს, რომ თეთრი ხალათები, რომელიც დღეს პირველად ჩაიცვეს, მომავალში მათი წარმატებული სამედიცინო კარიერისა და ექიმის ავტორიტეტის სიმბოლოდ იქცევა.

ღონისძიების ბოლოს ამერიკელმა სტუმრებმა დაათვალიერეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა.