ვარდისფერი ოქტომბერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2016 წლის 25 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა განსაკუთრებულად აღნიშნა ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვე - ვარდისფერი ოქტომბერი  (Pink October).

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ- მასწავლებლებმა ვარდისფერ ოქტომბერთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო რამ დაგეგმეს.  ღონისძიებები სტუდენტებმა გახსნეს, რომლებმაც ფლეშ-მობით, ვარდისფერი მაისურებითა და ვარდისფერი ბუშტებით კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მსოფლიოს სოლიდარობა ძუძუს კიბოსთან ბრძოლაში.

ამას მოჰყვა საჯარო ლექცია, რომელიც წაიკითხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა, მამოლოგმა, ირაკლი კოხრეიძემ. აუდიტორიამ დიდი ინტერესით მოისმინა ინფორმაცია ძუძუს კიბოზე და მასთან ბრძოლის მეთოდებზე. ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

დღის დასასრულს ღონისძიების მონაწილეები და საპატიო სტუმრები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წითელ დარბაზში შეიკრიბნენ. შედგა კლიპის „Cancer“ (Stromae - quand c'est?) პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია; ვიცე-რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი და ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე; თსსუ-ის ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  ონკოპრევენციის ცენტრის დირექტორი, პროფესორი რემა ღვამიჩავა; ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, სოლიდარობის ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, მარიამ ჯაში; „ევროპა დონას“ საქართველოს პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი და წევრი თამარ ნიშნიანიძე. დარბაზში იმყოფებოდნენ ძუძუს კიბოზე გამარჯვებული პაციენტები, მათ შორის, მამოლოგ ირაკლი კოხრეიძის ყოფილი პაციენტებიც; ასევე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები.

საოცრად ემოციური კლიპის შემდეგ ეკრანი დაეთმო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ და უცნობ ადამიანებს, რომლებიც ებრძვიან, ან უკვე დაამარცხეს ძუძუს კიბო. ვიდეომასალის დასრულების შემდეგ აუდიტორიას მიმართა ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ. მან აღნიშნა, რომ ეს დღე, „ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში“, ერთ-ერთი მძიმე დაავადების - ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნება. მსოფლიოს ყოველი მერვე ქალი ამ დაავადების რისკის ქვეშ არის.  უმნიშვნელოვანესია, ერთად დავდგეთ და ვიბრძოლოთ ამ სენის დასამარცხებლად.

დარბაზში შეკრებილებს მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ: ოქტომბერში ყველა უნდა დავფიქრდეთ, ვინც იცნობს ამ დაავადებას და ვინც არ იცნობს, რომ ძუძუს კიბოს არ გააჩნია შემოსაზღვრული გეოგრაფიული სივრცე და ასაკი, სამწუხაროდ, ეს დაავადება ძალიან გაახალგაზრდავდა. ყოველწლიურად მსოფლიოში მილიონზე მეტი ადამიანი რეგისტრირდება ამ დაავადებით. სნეულებასთან მთავარი ბრძოლის იარაღია ცოდნა! ჩვენი უნივერსიტეტი სტუდენტებს აძლევს ამ ცოდნას და იმედია, დღევანდელი სტუდენტები ხვალ ჩაერთვებიან ამ ბრძოლაში, როგორც პროფესიონალი ექიმები. ჩვენი უნივერსიტეტი ინტერნაციონალურია და მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები აქედან წაღებულ ცოდნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პაციენტებს დაეხმარებიან ძუძუს კიბოს დამარცხებაში.

„ძუძუს კიბოსთან ბრძოლას სჭირდება მოსახლეობის მობილიზაცია, დროა გაიზარდოს სკრინინგის მოცულობა, ერთად დავდგეთ ამ დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში ღონისძიების სტუმარმა, მარიამ ჯაშმა.

პროფესორმა რემა ღვამიჩავამ ისაუბრა სკრინინგის შესაძლებლობებსა და იმაზე, რომ კიბოს დაავადება ჯერ კიდევ  რჩება დაავადებად, რომელზე საუბარსაც გაურბიან, არადა, ჩვენ ყველაზე მეტი უნდა ვისაუბროთ. უნდა გაიზარდოს ცნობადობა და მოტივირება დაავადებასთან საბრძოლველად.

ემოციური იყო „ევროპა დონას“ წარმომადგენლების გამოსვლა, მათ ხომ თავის თავზე გამოცადეს, რას ნიშნავს დიაგნოზი ძუძუს კიბო. ეს გამოწვევაა, რომელსაც უნდა ღირსეულად შეხვდე და ბრძოლის ველი არ დატოვო. „რომ არა ექიმის თანადგომა, მისი თავდადება, იქნებ ამ ბრძოლაში ვერც გამემარჯვა, - აღნიშნა თამარ ნიშნიანიძემ, - ჩემი ქირურგი და მკურნალი ექიმი ირაკლი კოხრეიძე იყო პირველი, ვინც მითხრა, რომ უნდა ვნდობოდი და მივყოლოდი მის დანიშნულებას და ყველაფერი კარგად დასრულდებოდა... ეს იყო ორი წლის წინ. გავიარე უმძიმესი დღეები და დღეს თქვენ წინაშე ვარ ჯანმრთელი და გამარჯვებული“.

ემოციურად დაძაბული გამოსვლების შემდეგ დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ და სიმღერები შეასრულეს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის პირველი სემესტრის სტუდენტმა ნუცა ბურჯანაძემ და ფარმაციის ფაკულტეტის პირველი სემესტრის სტუდენტმა ზურაბ ზივზივაძემ. დარბაზი სიცოცხლისა და ოპტიმიზმის გამარჯვების ნიშნად ოვაციებითა და ცეკვით უჭერდა მხარს გამომსვლელებს. ქალბატონმა თამარ ნიშნიანიძემ  და ბატონმა ირაკლი კოხრეიძემ კი პარტერში ვალსი იცეკვეს.

კონცერტი დაასრულა ცნობილმა მომღერალმა დათო ხუჯაძემ, რომელიც სრულიად უანგაროდ დადგა მათ გვერდით, ვინც აპირებს გაერთიანდეს ძუძუს კიბოსთან საბრძოლველად. მისი სიმღერების დიდი დადებითი მუხტით ღონისძიების მონაწილეების განწყობამ სრული ოპტიმიზმისკენ გადაინაცვლა. ყველაფერი კარგად იქნება!

„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, 28 ოქტომბერს, უკვე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, დაანონსდა უფასო კონსულტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან, ასოცირებულ პროფესორთან, მამოლოგთან, ირაკლი კოხრეიძესთან. ყველამ შეიძლება ისარგებლოს ამ შეთავაზებით სპეციალური რეგისტრაციის გავლის შემდეგ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

არსებობს მძიმე, შავ-თეთრი სამყარო, სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლის არეალი, მაგრამ არსებობს ვარდისფერი ფერიც - ფერი იმედის, გადარჩენის, ხვალინდელი დღის რწმენის. ეს ძუძუს კიბოსთან ბრძოლის ფერია! „ვარდისფერ ოქტომბერს“ მსოფლიო იცნობს, თუმცა წელიწადის თორმეტივე თვეში „ვარდისფერი“ ცოცხლობს და სიცოცხლეს ჩუქნის!