თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დასკვნითი ღონისძიება

მიმდინარე წლის 7 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დასკვნითი ღონისძიება, სადაც სერტიფიკატები და მადლობის სიგელები გადაეცათ წარჩინებულ მაგისტრანტებსა და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სოციალურად დაუცველ სტუდენტებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ: თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, დაჯილდოებული მაგისტრანტები და სტუდენტები.

ღონისძიება გახსნა განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ.  მან მადლობა მოახსენა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის და იმ წარმატებული სწავლისთვის, რისი შედეგიც ეს დაჯილდოება გახლდათ. განსაკუთრებულად აღნიშნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების აქტივობა მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურთან თანამშრომლობაში.

საზოგადოებას მიმართა თბილისის მერმა, ბატონმა დავით ნარმანიამ. მან აღნიშნა, რომ „მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური 2015 წლიდან ახორციელებს წარმატებული სტუდენტების წახალისების პროგრამას, რომელიც მაგისტრატურის მაღალი  აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის სტიპენდიის გადაცემას გულისხმობს. სტიპენდიის მოპოვება შეუძლია ქ. თბილისში რეგისტრირებულ სტუდენტს, რომელიც არის ავტორიზებული უმაღლესი სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრანტი და 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში მიღებული აქვს არანაკლებ 91-100 ქულა (A კატეგორია - ფრიადი).

პირველ და მეორე ეტაპზე სტიპენდია მოიპოვა ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 149 წარჩინებულმა მაგისტრანტმა, ხოლო მეორე მესამე ეტაპზე სტიპენდია გადაეცემა 75 მაგისტრანტს.

ქ. თბილისის მერია, ასევე, ახორციელებს სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამას. 2016 წლიდან სტუდენტების დაფინანსება მიმდინარეობს ახალი წესის შესაბამისად, რომლის ფარგლებშიც მაღალი აკადემიური მოსწრების (A კატეგორია - ფრიადი) მქონე სტუდენტებს, რომელთაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში აქვთ 70 000 ათასი ან ნაკლები ქულა, უფინანსდებათ სწავლის საფასური 100%-ით. 

წარმატებები მიულოცა მაგისტრანტებსა და სტუდენტებს საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა გიორგი ალიბეგაშვილმა.

ღონისძიების დასასრულს დაჯილდოებულებს  საზეიმოდ გადასცეს სერტიფიკატები და მადლობის სიგელები.