მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი “ნიღაბი 2016” გაიხსნა

   
   

მიმდინარე წლის 2 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიხსნა მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი “ნიღაბი 2016”.

ეს არის ყოველწლიური საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი, სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტების თეატრალური დასები წარადგენენ მათ მიერ დადგმულ სპექტაკლებს.

ფესტივალს კომპეტენტური და საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ჟიური ჰყავს: რეჟისორი გოგი თოდაძე, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, რეჟისორი ივანე ხუციშვილი, მსახიობები: ეკა მჟავანაძე, თამუნა ნიკოლაძე, ანი ტყებუჩავა, კახა მიქიაშვილი და გიორგი ზანგური.

ფესტივალი გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დასმა „ჰიგიამ“ სპექტაკლით „მატარებელი“, რომელიც ფელინის მოთხრობების მიხედვით დაიდგა.  ეს ფსიქოლოგიური დრამა საოცარი ოსტატობით გააცოცხლა სცენაზე რეჟისორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნათია გუჯაბიძემ.

„მატარებელი“ არის სპექტაკლი, რომელიც ტოლს არ უდებს პროფესიონალური თეატრების სპექტაკლებს. მისი სცენური გადაწყვეტა და სამსახიობო ოსტატობით შესრულებული როლები საფუძველს გვაძლევს რომ ვიამაყოთ: მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე არაპროფესიონალი მსახიობები იდგნენ და რეჟისორიც არაპროფესიონალი გახლავთ, მათ შექმნეს ხელოვნების ნიმუში, რომელიც მეხსიერებაში აღიბეჭდება როგორც ერთი მნიშვნელოვანი სპექტაკლი, რომელმაც დიდი ესთეტიკური სიამოვნება მოგვანიჭა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს წარმატებულ პრემიერას დასს „ჰიგიას“.