თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დასის „ჰიგია“ სპექტაკლი „მატარებელი“ – განმეორებითი ჩვენება

   
   

2016 წლის 27 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე სასწავლო კორპუსის სააქტო დარბაზში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურმა დასმა „ჰიგია“ უნივერსიტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისათვის, ასევე, საუნივერსიტეტო კლინიკების თანამშრომლებისთვის განმეორებით გამართა წინა საშობაო–საახალწლო სპექტაკლი „მატარებელი“, რომელიც ფელინის მოთხრობების მიხედვით დაიდგა.

ეს ფსიქოლოგიური დრამა საოცარი ოსტატობით გააცოცხლა სცენაზე რეჟისორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნათია გუჯაბიძემ.

„მატარებელი“ არის სპექტაკლი, რომელიც ტოლს არ უდებს პროფესიონალური თეატრების სპექტაკლებს. მისი სცენური გადაწყვეტა და სამსახიობო ოსტატობით შესრულებული როლები საფუძველს გვაძლევს რომ ვიამაყოთ: მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე არაპროფესიონალი მსახიობები იდგნენ და რეჟისორიც არაპროფესიონალი გახლავთ, მათ შექმნეს ხელოვნების ნიმუში, რომელიც მეხსიერებაში აღიბეჭდება, როგორც ერთი მნიშვნელოვანი სპექტაკლი, რომელმაც დიდი ესთეტიკური სიამოვნება მოგვანიჭა“ – აღნიშნავდნენ სპექტაკლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.