დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა წინასაახალწლოდ „SOS ბავშვთა სოფელს“ ესტუმრა

   
   

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტები და თანამშრომლები „SOS ბავშვთა სოფელს“ ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი წინასაახალწლოდ პატარების მონახულება და მათი საჩუქრებით გახარება იყო. ბავშვთა სოფლის ბინადრებმა ქართველი და უცხოელი სტუდენტებისგან უამრავი საჩუქარი მიიღეს და მათთან ერთად რამოდენიმე საათის განმავლობაში იმხიარულეს კიდეც.

ინიციატივა სახელწოდებით შემოგვიერთდი, გავხადოთ მეტი ბავშვი ბედნიერი!“ - დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ეგიდით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2016 წლის დეკემბერში დაიწყო. პროგრამის სტუდენტებმა საახალწლოდ მორთეს ნაძვის ხე, რომელთანაც საჩუქრების მწვანე, დიდი ყუთი განათავსეს.  ოთხივე კურსის სტუდენტები პროგრამის თანამშრომლებთან ერთად  რამდენიმე დღის განმავლობაში საკუთარი სურვილითა და გემოვნებით შერჩეულ საჩუქრებს თავს ყუთში უყრიდნენ.

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტების აქცია სამომავლოდ სხვა ბავშვთა სახლებს და შეჭირვებულ ოჯახებსაც მოიცავს.

SOS Children’s Villages Inetrnational წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 133 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ 1989 წლიდან ეწევა საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების საშუალებით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალიზაციის მიზნით.ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, სხვადასხვა საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან და კერძო სექტორთან.