თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების სფეროში, სწავლების ახალი მეთოდები ინერგება

   
   

2017 წლის 15 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა  გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად,  ოჯახის დაგეგმვის ინტერაქტიული სასწავლო პაკეტის   „ვირტუალური კონსულტირება კონტრაცეპციაში“ (VICVIRTUAL CONTRACEPTION CONSULTATION)  და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების სფეროში რეზიდენტების  პროფესიული მზადების პროცესში ახალი პროდუქტის „პორტფოლიოს“   წარდგენა.  

ღონისძიების დაწყებამდე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ზაზა ბოხუა შეხვდნენ: გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მრჩეველს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში, თამარ ხომასურიძეს და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ლელა ბაქრაძეს.

საუბრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ „ვირტუალური კონსულტირება კონტრაცეპციაში“ არის მტკიცებულებაზე დაფუძნებული ონლაინ პლატფორმა, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) უსასყიდლოდ სთავაზობს სერვისის მიმწოდებლებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. მის ძირითად სამიზნეს ყველა დონის სერვისის მიმწოდებლები: ექიმები და სამედიცინო უნივერსიტეტის   რეზიდენტები შეადგენენ და მომხმარებლებს მაღალი ხარისხის, თანმიმდევრულ სატრენინგო კურსს სთავაზობს ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდებისა და პრაქტიკის მიმართულებით. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისისა და აღმოსავლეთ ევროპის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ინსტიტუტის (EEIRH) მიერ მომზადებული პაკეტი უახლეს საერთაშორისო სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს ეფუძნება. პროგრამას აქვს ევროპული აკრედიტაცია.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის 2016 წელს ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ძალისხმევით, შესაძლებელი გახდა პაკეტის ქართულ ენაზე წვდომა ევროპულ საიტზე (http://www.vic.eeirh.org).

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემოწმდა და გამოიცადა პაკეტის ქართულენოვანი ვერსია, რომელიც 2016 წელსვე გახდა ხელმისაწვდომი მომხმარებელთათვის. სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესიული საბჭოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ოჯახის დაგეგმვის ინტერაქტიული სასწავლო პაკეტი უწყვეტი სამედიცინო განათლების ნაწილი გახდა.

დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების სფეროში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით, სამედიცინო უნივერსიტეტის  რეზიდენტურაში საექიმო სპეციალობაში   „მეანობა–გინეკოლოგია“  რეზიდენტების პროფესიული მზადების პროცესში  მიმდინარეობს ახალი პროდუქტის  – „პორტფოლიოს“ პილოტირება. ახალი პროდუქტი საქმის წარმოების მოქნილი მართვისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ინერგება.

15 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ოჯახის დაგეგმვის ინტერაქტიული სასწავლო პაკეტის  „ვირტუალური კონსულტირება კონტრაცეპციაში“ (VICVIRTUAL CONTRACEPTION CONSULTATION)  და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების სფეროში რეზიდენტების  პროფესიული მზადების პროცესში ახალი პროდუქტის „პორტფოლიოს“   წარდგენას დაესწრნენ: გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული და საქართველოს ოფისების, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები.

აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და პროგრამის მნიშვნელობას მაღალი შეაფასება მისცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ. ახალ სასწავლო პაკეტსა და მისი დანერგვის მნიშვნელობაზე აუდიტორიის წინაშე მოხსენებებით გამოვიდნენ: გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მრჩეველი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში თამარ ხომასურიძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ზაზა ბოხუა.

წარდგენის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც ჩაერთვნენ: ახალგაზრდა ექიმები, დარგის ექსპერტები. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება ამ მეტად მნიშვნელოვანი წამოწყების შესახებ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ეს თანამშრომლობა საფუძველს ჩაუყრის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) შემდგომ ურთიერთობას, რომელიც წარმატებულად, შედეგიანად დაიწყო და გრძელდება.