თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

   
   

2017  წლის  16 თებერვალს საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ უმაღლესი  და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების VII საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა.

გამოფენის ფარგლებში 100-მდე უნივერსიტეტი, საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი და პროფესიული კოლეჯი იქნა წარმოდგენილი 16 სხვადასხვა ქვეყნიდან. დამთვალიერებლებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საქართველოსა და საზღვარგარეთ არსებული საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, გაცვლითი პროგრამების, სტიპენდიების, გრანტებისა და სწავლის დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ. გამოფენაში მონაწილეობენ შემდეგი ქვეყნები: საქართველო, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, გერმანია, რუმინეთი, თურქეთი, უკრაინა, ინგლისი, აშშ,  რუსეთი, ჩეხეთი, ესპანეთი, ირლანდია.

წელსაც, როგორც გასულ წლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტენდთან განსაკუთრებული ხალხმრავლობა თვალშისაცემია. აბიტურიენტები გულდასმით ეცნობიან ყველა ნიუანსს, აინტერესებთ პრაქტიკული სამუშაოები მულაჟებთან, სამედიცინო აპარატურასთან.

გამოფენის სტუმრებს შესძლებლობა ჰქონდათ პირისპირ შეხვედროდნენ და გასაუბრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე და ყველა საჭირო ინფორმაცია ბაკალავრიატზე, მაგისტრატურაზე, პროფესიულ თუ სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტენდთან მომავალ სტუდენტებსა და მაგისტრანტებს შეხვდნენ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, ვიცე-რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე და  ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, ფაკულტეტების დეკანები და  სხვა პროფესორ-მასწავლებლები.

გამოფენა დაათვალიერა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტენდით დაინტერესდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

გამოფენაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტით დაინტერესება კვლავაც იზრდება სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებსა  და მაგისტრანტობის მსურველებში.

გამოფენა 17 თებერვალსაც გაგრძელდება.