დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტები პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგებს თანატოლებისთვის სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში განაგრძობენ

   
   

2017 წლის 15 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მესამე სემესტრის სტუდენტები, მარიამ ჭელიძე და თათია თელია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო სატელევიზიო ცენტრს ესტუმრნენ. მომავალმა ექიმებმა ცენტრის სტუდენტებს პირველადი გადაუდებელი დახმარების აუცილებელი წესები გააცნეს და დახმარების აღმოჩენის ვორქშოპი ჩაატარეს.

ვორქშოპის მთავარი გზავნილი გახლდათ – „ვიდრე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე მოვა!“. ტრენინგი მიზნად ისახავდა მომავალი ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ექსტრემალურ სიტუაციებში სწორად მოქმედების სწავლებას. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებმა მეტი თვალსაჩინოებისა და პრაქტიკისთვის კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" კობალაძეების საექთნო სწავლების ცენტრის სიმულაციური მულაჟები გამოიყენეს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სატელევიზიო ცენტრის სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. ტრენინგი მომავალი ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის გარკვეულ სასწავლო ხასიათსაც ატარებდა: სიუჟეტების მომზადებასთან ერთად ცენტრის სტუდენტებმა პირდაპირი ჩართვის იმიტაციაც მოახდინეს.

პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტების ინიციატივით, მომავალშიც გაგრძელდება.