თსსუ–ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტს ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იანის ზლამეცი ეწვია

   
   

2017 წლის 28 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტს ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იანის ზლამეცი ეწვია.

საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ნანა გორგასლიძემ.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დათვალიერება და საუკუნოვანი სამეცნიერო ტრადიციების გაცნობა, ასევე, ცნობილი ლატვიელი მეცნიერის ედუარდ აბოლსის ვარსკვლავის მონახულება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთ პატივს მიაგებთ იმ კვალს, რომელიც ლატვიელმა მეცნიერმა,  ედუარდ აბოლსმა დატოვა ქართულ მეცნიერებაში. თქვენი ასეთი პატივსცემა ისტორიისადმი კიდევ უფრო გვაახლოვებს და გვაერთიანებს ორ ქვეყანას – საქართველოს და ლატვიას“, - აღნიშნა ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართელოში იანის ზლამეციმ.

როგორც ქალბატონმა ნანა გორგასლიძემ აღნიშნა: „29 თებერვალს ედუარდ აბოლსი 125 წლის გახდებოდა. ვარსკვლავის გახსნა კი მისი საქართველოში მოღვაწეობის 90 წლისთავს მიეძღვნა.

ედუარდ აბოლსი ფარმაკობოტანიკის განყოფილებას ჯერ კიდევ საქართველოს პირველ უნივერსიტეტში ჩაუდგა სათავეში. 1926 წლიდან ის ფარმაკობოტანიკის კათედრის გამგე გახლდათ, 1932 წლიდან კი - ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში ამავე მიმართულებას ხელმძღვანელობდა. მთელი ცხოვრება გაატარა საქართველოში, შესანიშნავად ფლობდა ქართულ ენას, იყო დიდი მეცნიერი, პოლიგლოტი (იცოდა11 ენა), წერდა ლექსებსაც“.

ვიზიტის დასასრულს, ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იანის ზლამეციმ, საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად  თაიგულით შეამკო ლატვიელი მეცნიერის ედუარდ აბოლსის  ვარსკვლავი.