ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის სტუდენტის ვიზიტი თსსუ-ში

   
   

2017 წლის 2-13 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ატლანტიდან ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტი ნიჰარიკა მალეპალი ეწვია.

ვიზიტი განხორციელდა თსსუ-სა ემორის უნივერსიტეტს შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც საშუალებას აძლევს ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის სტუდენტს კლინიკური როტაცია გაიაროს არა მხოლოდ ემორის უნივერსიტეტში, არამედ მის პარტნიორ უნივერსიტეტებში. ემორის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ, ამ შემთხვევაში, თსსუ და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა შეარჩია.  

სტუდენტი საქართველოში 2 კვირით იმყოფებოდა. ამ ხნის განმავლობაში რიკა მალეპალი მონაწილეობდა დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სასწავლო პროცესში: პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასა და მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრში თსსუ-ის სტუდენტებთან ერთად დაესწრო და მონაწილეობა მიიღო კლინიკურ სწავლებაში.  

ემორის უნივერსიტეტის სტუდენტს თსსუ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორი, პროგრამის პედაგოგების გარკვეული ნაწილი და მცირე ჯგუფების კოორდინატორები შეხვდნენ. ნიჰარიკა მალეპალიმ ამერიკული სასწავლო პროცესის შესახებ თავისი გამოცდილება გაუზიარა და სიამოვნებით ისაუბრა საქართველოში ვიზიტზე.  

გარდა სასწავლო პროცესში მონაწილეობის, ამერიკელი სტუმარი დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებსაც შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა - სტუდენტებმა ერთმანეთს დიპლომამდელი სამედიცინო განათლების შესახებ თავისი შეხედულებები და პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და პოსტდიპლომური სწავლების - რეზიდენტურის ამერიკულ მოდელზე ისაუბრეს.  

რიკა მალეპალი (ემორის უნივერსიტეტის სტუდენტი): „ემორის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ემორის უნივერსიტეტის სტუდენტობამდე მქონდა. საქართველოში ვიზიტს დიდი ხნის განმავლობაში ვგეგმავდი და ძალიან მიხარია, რომ ემორის უნივერსიტეტმა მომცა ამის საშუალება. მქონდასაშუალება, დავსწრებოდი და მონაწილეობა მიმეღო საუნივერსიტეტო კლინიკასა და მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრში მიმდინარე სასწავლო პროცესში, შევხვედროდი დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სხვადასხვა კურსის სტუდენტებს და ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა სტუდენტური გამოცდილება.  მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებს, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელებს, ასევე თსსუ-ის პროფესორებს, - კახაბერ ჭელიძესა და ირმა ჭოხონელიძეს - გაწეული მასპინძლობისათვის. ვფიქრობ, რომ საქართველოში ვიზიტმა ძალიან საინტერესო გამოცდილება შემძინა. მინდა, აღვნიშნო, რომ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ჰყავს ძლიერი აკადემიური პერსონალი და ძალიან მოტივირებული, ნიჭიერი სტუდენტები. დარწმუნებული ვარ, მათ დიდი წარმატება ელით. მე მათ დიდი მიზნების შესრულებას ვუსურვებ!“.  

 საქართველოში ვიზიტი, შეიძლება ითქვას,  ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის სტუდენტისათვის, რიკა მალეპალისთვის იღბლიანი აღმოჩნდა: გამგზავრებიდან  რამდენიმე დღეში იგი ბეილორის სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტი გახდა. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა ულოცავს ამ დიდ წარმატებას!  

ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლასა და თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა კვლავაც გაგრძელდება.