თსსუ-ის დელეგაცია ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის კონფერენციაზე

ა. წ.  5-8  აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და  ვიცე-რექტორი,  პროფესორი  რიმა ბერიაშვილი ოფიციალური ვიზიტით  იმყოფებოდნენ  ნორვეგიაში,  ქალაქ  ბერგენში,  სადაც  მონაწილეობა  მიიღეს   ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის  ყოველწლიური  კონფერენციის  მუშაობაში.  კონფერენციის  ძირითადი  თემა  იყო  -   „ ავტონომია  და  თავისუფლება:  უნივერსიტეტთა  სამომავლო  მდგრადობა“.  პროგრამა    ძირითადად  მიეძღვნა   უნივერსიტეტების  სტრატეგიულ  განვითარებას,  ორგანიზაციულ,   ფინანსურ  და  აკადემიურ  ავტონომიას.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ   მონაწილეობა  მიიღო   გენერალურ  ანსამბლეაში,  სადაც   კენჭისყრის  გზით  არჩეული  იქნა  ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის    საბჭოს  სამი  ახალი   წევრი.

კონფერენცია  ჩატარდა  ბერგენის  უნივერსიტეტში.   კონფერენციის  მონაწილეებს  მიესალმა   ნორვეგიის  განათლებისა  და მეცნიერების   მინისტრი   ტორბჯორნ  როი  ისაკსენი  (Torbjørn Røe Isaksen),  კონფერენციაზე    საპროგრამო   მოხსენებით  წარსდგა   ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის    პრეზიდენტი  - პროფესორი  როლფ  ტარაჩი ( Rolf Tarrach).