საქველმოქმედო აქცია თბილისის №198 საჯარო სკოლაში

2017 წლის 11 აპრილს, სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, ქალაქ თბილისის №198 საჯარო სკოლაში, საქველმოქმედო აქცია გამართა. სკოლაში 170 - მდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე სწავლობს.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი შალუტაშვილმა და “კარფურ ისთ ფოინთის” გენერალურმა მენეჯერმა ჯოზეფ კოჩანდრლემ დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს მოსწავლეებს. მიწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები და მოესმინათ მათ მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრები.
ბავშვების საზეიმო განწყობის შექმნაზე იზრუნეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლმა „დეკა“-მ, საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრის მსახიობებმა და მაღაზიამ „მუსიკის სახლი“.  
სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ და ქ.  თბილისის №198 საჯარო სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, სპორტისა და ხელოვნების ცენტრის ადმინისტრაციას და სტუდენტობას აღნიშნულ  ღონისძიებაში შეტანილი წვლილისათვის.