ქართული მედიცინის ისტორიის აღდგენილი მუზეუმის ეზოში „მედეას ბაღს“ ჩაეყარა საფუძველი

22  აპრილს,  დედამიწის  დღესთან  დაკავშირებით,  ქართული მედიცინის  ისტორიის  მუზეუმის  დირექტორის,  თსსუ-ის  მედიცინის  ისტორიისა  და  ბიოეთიკის  დეპარტამენტის  ხელმძღვანელის,  პროფესორ  რამაზ  შენგელიას   ინიციატივით,  ქართული მედიცინის ისტორიის  მუზეუმის  ეზოში  „მედეას  ბაღს“  ჩაეყარა  საფუძველი.
ამ  დღეს  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, სამინისტროს თანამშრომლებთან და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად სხვადასხვა ჯიშის  სამკურნალო ხე-მცენარეები დარგო. ღონისძიებას  თსსუ-ის  რექტორი,  პროფესორი   ზურაბ  ვადაჭკორია  და  ვიცე-რექტორი,  პროფ.  რიმა  ბერიაშვილიც  ესწრებოდნენ.  

აღსანიშნავია,  რომ  ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს კულტურისა  და  ძეგლთა  დაცვის სამინისტროსა და თბილისის  მერიის დაფინანსებით მოხდა ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის სრული რეაბილიტაცია. 
მუზეუმის არქივებსა და ფონდებში დაცულია უნიკალური ისტორიული ღირებულების მასალა -  19,000 საექსპოზიციო ერთეული;  თავმოყრილია  ქართული ხალხური მედიცინის უნიკალური მასალა: ათიათასობით რეცეპტი და ასეულობით მცენარეული, ცხოველური და მინერალური წარმოშობის კომპონენტი, ჰერბარიუმები.  
სამუზეუმო ექსპოზიცია ცხადყოფს კოლხურ-იბერიული მედიცინის პირველადობის ცნობილ თეზას, წარმოაჩენს კავკასიური რასის წარმოშობის წინაპირობებს, მის გენეტიკურ კავშირებს შუმერულ, ხმელთაშუაზღვისპირა სამყაროსთან, ევროპასთან. ფონდებში დაცულია არქეოლოგიური მასალა, მეტად მდიდარი ფოტოკოლექცია, გამოჩენილ ქართველ მედიკოსთა პირადი არქივები, ძველი, რარიტეტული სამედიცინო ხელსაწყოები და აპარატურა. 
მუზეუმი წარმოადგენს სასწავლო და სამეცნიერო ბაზას, სადაც შესრულებულია ათასზე მეტი სამეცნიერო შრომა, მათ შორის სამოცამდე მონოგრაფია; გამოვლენილია და ტექსტურად შესწავლილია სამედიცინო ხასიათის ხუთასზე მეტი ხელნაწერი.