აქცია დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში

   
   

22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ დაიწყო დასუფთავების კვირეული - „სუფთად ევროპისკენ“, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.  კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები ჩატარდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თსსუ-ის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებსა და კლინიკებში.

26 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორები: პროფესორი რიმა ბერიაშვილი და ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ადმინისტრაციული პერსონალი მონაწილეობას იღებდა გამწვანებისა და დასუფთავების აქციაში, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში მოეწყო. დაირგო ნერგები და სპეციალური ხსნარით დამუშავდა ხეები, დასუფთავდა გარემო.

როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ აღნიშნა, გარემოს დაცვა პრიორიტეტულია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარსულშიც იღებდა და მომავალშიც მიიღებს მონაწილეობას მსგავს ღონისძიებებში. „ჩვენ ვუერთდებით დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიცირებულ დასუფთავების კვირეულს, ეს უმნიშვნელოვანესი აქციაა. მსგავსი აქციები მოეწყო თსსუ-ის კვლევით ინსტიტუტებსა და კლინიკებშიც. ერთად უნდა ვიზრუნოთ გარემოზე, ჩვენთვის ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა  უპირველესი მიზანი და მოვალეობაა.

სტუდენტებმა ხალისით დაალაგეს თსსუ-ის ეზო. დარგეს დეკორატიული მცენარეები. თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, გიორგი მიქაძემ აღნიშნა: "ჯანსაღი გარემო ადამიანის ჯანმრთელობისთვის უმთავრესი პირობაა. ამდენად ჩვენთვის ეს აქცია მნიშვნელოვანია“.