შეხვედრა ევროპის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში

   
   

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, ევროპის დღისადმი  მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მიმდინარე წლის 8 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინე ფრუიძე, შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება მარტინა ქვიქი და  ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება კაი კაარელსონი. შეხვედრა გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. ის მიესალმა სტუმრებსა და აუდიტორიას, რომელიც სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისგან შედგებოდა. ისაუბრა ევროპული ორიენტაციის მნიშვნელობაზე პროფესიული  და ქვეყნის განვითარებისთვის.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირინე ფრუიძემ აუდიტორიას შეახსენა ევროპის დღის დაარსებასთან დაკავშირებული ისტორიული თარიღი: 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რობერ შუმანი პარიზში გამოვიდა განცხადებით, სადაც მან წამოაყენა ევროპული ინტეგრაციის იდეა. ამიტომ 9 მაისი აღინიშნება, როგორც ევროპის კავშირის დაბადების დღე.

მან ასევე ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე.

შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულება მარტინა ქვიქმა სტუდენტებს უამბო ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებზე, იმ შესაძლებლობებზე, რაც ევროპასთან ინტეგრირების შემდეგ იხსნება საქართველოსთვის.

ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულება კაი კაარელსონმა ყურადღება გაამახვილა ევროპული მენტალიტეტის არსზე, საგანმანათლებლო პერსპექტივებზე...

სტუმრებმა ამომწურავი პასუხები გასცეს სტუდენტთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს. მათ დაადასტურეს, რომ მობილიზებულები არიან დახმარება გაუწიონ საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს საინტერესო პრეზენტაციისთვის და საქართველოს დიდი მხარდამჭერი ქვეყნების ელჩებს ქართველების ღრმა პატივისცემა დაუდასტურა.