თსსუ–ის თვალის სნეულებათა კათედრის პროფესორ ტატიანა შატილოვას დაბადებიდან 105 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონფერენცია

   
   

2017 წლის 25 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსის ბიბლიოთეკის „ცისფერ დარბაზში“ ჩატარდა გამოჩენილი ქართველი ექიმის, ოფთალმოლოგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა კათედრის პროფესორის ტატიანა შატილოვას დაბადებიდან 105 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონფერენცია.

საიუბილეო კონფერენცია გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორ მერაბ დვალმა. დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ და მოგონებებით გამოვიდნენ უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, საქართველოს ოფთალმოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე, პროფესორი  ოლეგ გოლოვაჩოვი, პროფესორი  ივანე ბერაძე და სხვ.

პროფესორ ტატიანა შატილოვას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში განიხილეს თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, პროფესორ მერაბ დვალის შუამ­დ­გომლობა და მიიღო გადაწყვეტილება - გამოჩენილი მეცნიერის, კლინიცისტისა და პედაგოგის, პროფესორ ტატიანა შატილოვას სახელობის სტიპენდიის დაარსების შესახებ - ოფთალმოლოგიაში წარჩინებული, კონკურსში გამარჯვებული რეზი­დენ­­ტისათვის.

კონკურსის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული II კურსის რეზიდენტი ლია ჟორჟიკაშვილი. 

მრავალმხრივი, მეტად აქტუალური და ნაყოფიერი იყო პროფესორ ტატიანა შატილოვას თითქმის ნახევარსაუკუნოვანი (45 წელი) მოღვაწეობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. მისთვის პრიორიტეტული - სამედიცინო განათლების ნებისმიერ დონეზე - ოფთალმოლოგიის სწავლების ხარისხის ამაღ­ლება გახლდათ; იმ დროისათვის დიპლომამდელი - როგორც საერთო აკადე­მიური მომზადების აუცილებელი კომპონენტი, დიპლომისშემდგომი კი - დარგის სრულ­ფასოვანი სპეციალისტის ჩამოყალიბებისათვის. პროფესორ შატილოვასთვის მნიშვნე­ლოვანი იყო ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლება, მისი ხელმძღვანელობით შესრულებული სამეცნიერო შრომები დღესაც ღირებულია.