პროფესორი ზურაბ კაკაბაძე აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის მედლით და პრემიით დაჯილდოვდა

   
   

მიმდინარე წელს, ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის  ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსებული აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის მედალი და პრემია პირველად გადაეცა ნომინანტს - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და პრეკლინიკური ანატომიის დეპარტამენტის პროფესორს, ზურაბ კაკაბაძეს.  ჯილდო მიენიჭა 2014-16 წლებში ექსპერიმენტული მორფოლოგიის დარგში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში. ეს მნიშვნელოვანი და ღირსეული ჯილდოა, რომელიც საამაყოა ნებისმიერი მეცნიერისთვის. ღონისძიება დასრულდა პროფესორ ზურაბ კაკაბაძის ლექციით „უჯრედული თერაპია და ორგანოთა  ქსოვილების ინჟინერია“.

აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის მედალი ენიჭება საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს მორფოლოგიურ მეცნიერებათა განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ან მორფოლოგიურ მეცნიერებათა განვითარების  განსაკუთრებული  ხელშეწყობისათვის. პრემია ენიჭება ავტორს ან ავტორთა ჯგუფს ბოლო სამი წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ან ნაშრომთა ციკლისათვის.