მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაციის მე-3 სამეცნიერო კონფერენცია

 3 ივნისს ჩატარდა მერაბ კილაძის სახელობის საქართველოს მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაციის მე-3 სამეცნიერო კონფერენცია „ლაპარასკოპიული ქირურგია საქართველოში - აწმყოდან მომავლისკენ“. კონფერენცია მიეძღვნა ცნობილი ქირურგის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის N2 დეპარტამენტის ყოფილი ასოცირებული პროფესორის მერაბ კილაძის ნათელ ხსოვნას.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი  ზურაბ ვადჭკორია, რომელმაც ისაუბრა პროფესორ მერაბ კილაძის დიდ ღვაწლზე ქართული ლაპარასკოპიული ქირურგიის განვითარების  საქმეში, ასევე აღნიშნა, რომ სწორედ ბატონი მერაბი გახლდათ დარგში გამოცემული პირველი ქართული სახელმძღვანელოს - ,,ლაპარასკოპიული ქირურგია“ ავტორი.

კონფერენციის მიზანზე და მცირე ინვაზიური ქირურგიის განვითარებაზე ისაუბრა  მერაბ კილაძის სახელობის საქართველოს მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა თენგიზ ჩართოლანმა. ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა თსსუ-ის ქირურგიის N1 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ლომიძე.

შეხვედრაზე მოხსენებები წაიკითხეს საქართველოს წამყვანი კლინიკებიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა. კონფერენცია სამი ძირითადი ნაწილისგან შედგებოდა, წარმოდგენილი იყო მოხსენებები  ზოგად  ქირურგიაში,  გინეკოლოგიასა და უროლოგიაში.

საქართველოს მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივნის, პროფესორ დავით აბულაძის განაცხადებით დაგეგმილია დაწესდეს პროფესორ მერაბ კილაძის სახელობის სტიპენდია, რომელიც უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტსა და რეზიდენტს გადაეცემა