ფარმაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია

   
   

2017  წლის 16 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  ფარმაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

კურსდამთავრებულებს მისალოცი სიტყვით მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ: „არ არსებობს „ყოფილი ჩემი უნივერსიტეტი“. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თქვენი უნივერსიტეტია და ბოლომდე თქვენად დარჩება. ზოგი თქვენგანი მალე მობრუნდება ჩვენთან სწავლის გასაგრძელებლად, ზოგი – უცხოეთში წავა სასწავლებლად, ზოგიც პრაქტიკულ მუშაობას დაიწყებს... მალე მოგვევლინებით პროფესორ–მასწავლებლებადაც. ჩვენ მუდამ თვალს ვადევნებთ თქვენს წარმატებებს და გავიზიარებთ თქვენი მიღწევებით გამოწვეულ სიხარულს. ფარმაციის ბაკალავრის პროგრამა ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესია. მესმის, საკუთარ უნივერსიტეტთან განშორება ძნელია. თქვენ დამოუკიდებელი ხდებით, გადიხართ ფართო ასპარეზზე, სადაც დიდი კონკურენცია გხვდებათ. გისურვებთ წარმატებას, თქვენ მიღებული გაქვთ ისეთი ცოდნა, რომელიც ამ წარმატების წინაპირობა და საფუძველია“.

ფარმაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დალი ბერაშვილმა სწავლის დამთავრება მიულოცა და მისალოც სიტყვაში აღნიშნა: „ეს ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ფარმაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. ვამაყობთ თქვენით!!! ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ წარმატებული პროფესიონალები გამხდარიყავით. თქვენ მზად ხართ კონკურენცია გაუწიოთ მაღალკვალიფიციურ კადრებს. გახსოვდეთ, უნივერსიტეტში ჩვენი – პროფესორ–მასწავლებლების სახით რჩებიან თქვენი მეგობრები, რომლებსაც შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს მიმართოთ რჩევისთვის“.

პროფესიული წინსვლა და წარმატებები უსურვეს მისალოც სიტყვაში: თსსუ–ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნანა გორგასლიძემ და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ასისტენტ–პროფესორმა თამარ ჩიკვილაძემ.

ახალბედა ფარმაცევტებს უნივერსიტეტის დამთარება მიულოცეს: ფარმაცევტული კომპანია PSP ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა ფრუიძემ,  ფარმაცევტული კომპანია „ავერსი“–ს სასწავლო პროგრამების მენეჯერმა ლალი დათეშიძემ და სააფთიაქო კორპორაცია „გეფა“–ს ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელმა თინათინ ძოწენიძემ.  

თავის მხირვ სტუდენტებმაც მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, ფაკულტეტს, ლექტორებს, ფარმაცევტულ კომპანიებს იმ ღვაწლისთვის რაც მათ დაეხმარათ ფარმაციის პროფესიის დაუფლებაში.

კურსდამთავრებულებს შორის ბევრს თვალზე ცრემლი მოადგა. ცხადია, ძნელი იყო, რამდენიმე სიტყვაში ჩაეტიათ თავისი ემოცია, მაგრამ მაინც ცდილობდნენ მაქსიმალურად გამოეხატათ მადლიერება და სიყვარული იმ ერთგულებისთვის და თავდადებული შრომისთვის, რისი შედეგიც ის განათლებაა, რომელიც თსსუ–ში მიიღეს.

კურსდამთავრებულებმა დადეს ფარმაცევტების ფიცი.

უკვე მანტიებით შემოსილებმა „ქუდები ცაში აისროლეს“. ეს სიმბოლური რიტუალი განსაკუთრებული აღმაფრენის გამოხატულებად იქცა...

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს თითოეულ კურსდამთავრებულს.