ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის

   
   

2017 წლის 21 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თამარ სანიკიძემ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. მემორანდუმის მიზანია განახლებული ავტორიზაციის მექანიზმის ეფექტურად დანერგვისა და განხორციელებისთვის, საერთაშორისო ექსპერტების უშუალო ჩართულობით, თსსუ-ის განმავითარებელი შეფასების განხორციელება.

ხელმოწერის პროცესს ესწრებოდნენ: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები - უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ლაშა მარგიშვილი, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ავტორიზაციის სამმართველოს უფროსი ქეთი ცოტნიაშვილი და იურიდიული სამსახურის უფროსი ნინო ბეგიაშვილი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე; ვიცე-რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე და პროფესორი რიმა ბერიაშვილი; სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გაიანე სიმონია; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე კვაჭაძე და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი.

როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ქალბატონმა თამარ სანიკიძემ აღნიშნა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობს, რათა 2023 წლამდე მიაღწიოს, რომ ქვეყანაში მიღებულ სამედიცინო განათლებას საერთაშორისო აღიარება ჰქონდეს. ამ მიზნის მისაღწევად ხორციელდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ჟურნალისტებთან საუბრისას დაწვრილებით აღწერა ის გლობალური პროცესები, რომელიც სამედიცინო განათლების საერთაშორისო აკრედიტირების მიმართულებით იგეგმება. მან აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ყველა საჭირო სამუშაოს ჩაატარებს, რათა 2023 წელს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ განსაზღვრული სტანდარტებით აკრედიტაცია მიიღოს.