თეატრმა „ჰიგიამ“ პრემიერა წარმოადგინა

   
   

2017 წლის 22 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სპორტის და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა თეატრმა „ჰიგიამ“ წარმოადგინა პრემიერა - ლაშა თაბუკაშვილის პიესაზე დადგმული სპექტაკლი  „სადღაც ცისარტყელას მიღმა“. სპექტაკლი დადგა თეატრ „ჰიგიას“ რეჟისორმა, თსსუ-ის ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ნათია გუჯაბიძემ.

პრემიერას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები და საგანგებოდ მოწვეული სტუმრები. ერთმოქმედებიან სპექტაკლში „ჰიგიას“ მსახიობებმა თანამედროვეობისთვის  ჩვეული გარემო და ახალგაზრდების ცხოვრების ამსახველი სცენები გააცოცხლეს; აღსანიშნავია ის პროფესიონალიზმი, რომლითაც გამოირჩეოდნენ თსსუ-ის სტუდენტი-მსახიობები, ახლა უკვე „ძველი“ თაობის  წარმომადგენლები: ბექა ხურციძე, ზურა ყიფშიძე, გიორგი ხარჩილავა, ეკატერინე ცეცაძე, რეზი ზაზაშვილი, ნინი ებიტაშვილი. ისინი  ამ სპექტაკლით დაემშვიდობნენ სტუდენტურ სამსახიობო კარიერას, საყვარელ დასს, თეატრ „ჰიგიას“.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს თეატრ „ჰიგიას“ წარმატებულ პრემიერას და მომავალშიც არაერთ საინტერესო სპექტაკლს ელოდება.