პროფესორ ნოდარ ხერხეულიძის საიუბილეო საღამო

   
   

 

27 ივლისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა საიუბილეო საღამო, რომელიც მიეძღვნა ღვაწლმოსილი პედიატრის, თსსუ-ის ბავშვთა სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის გამგის, თბილისის პედიატრთა ასოციაციის თავმჯდომარის, პროფესორ ნოდარ ხერხეულიძის დაბადებიდან 90 წლისთავს.

სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სააქტო დარბაზში შეხვედრაზე თავი მოიყარეს პროფესორ ნოდარ ხერხეულიძის ოჯახის წევრებმა, „ხერხეულიძეთა“ გვარის წარმომადგენლებმა, კოლეგებმა, მოსწავლეებმა და მეგობრებმა.

საიუბილეო საღამოზე, რომელიც მიჰყავდა, ბატონ ნოდარ ხერხეულიძის ერთ–ერთ გამორჩეულ მოსწავლეს, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორს, პედიატრ ივანე ჩხაიძეს, სიტყვით გამოვიდნენ პროფესორები: ვიცე–რექტორი ხათუნა თოდაძე, ირაკლი ფავლენიშვილი, ყარამან ფაღავა, ქეთი ნემსაძე, მანანა ჟვანია, ნინო მანჯავიძე, გოგი ჩახუნაშვილი.

მომხსენებლებმა განსაკუთრებული სიყვარულით და სითბოთი გაიხსენეს დიდი პროფესიონალი, იდეალური პიროვნება და ღირსეული ადამიანი – პროფესორი ნოდარ ხერხეულიძე, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა, როგორც პროფესიონალმა–პედიატრმა, ასევე კარგმა ორგანიზატორმა და მასწავლებელმა, – უბრალოდ ძალიან განათლებულმა და ღირსეულმა ადამიანმა.

საიუბილეო საღამოზე, დამსწრე საზოგადოებას საჩუქრად დაურიგდა ბატონი ნოდარ ხერხეულიძის ლექსების კრებული „ სევდით დანისლული ლექსები“.

საღამოს დასასრულს, პროფესორმა მაია ხერხეულიძემ – ბატონი ნოდარის ქალიშვილმა, დიდი მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის, ხოლო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას საიუბილეო საღამოს ორგანიზებაში თანადგომისთვის.