თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია „ქართულ-გერმანული ურთიერთობები – წარსულიდან მომავლისაკენ“

2017 წლის 18 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, საქართველო-გერმანიის ურთიერთობების საიუბილეო წლის ფარგლებში გაიხსნა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია - "ქართულ-გერმანული ურთიერთობები, წარსულიდან მომავლისაკენ".

კონფერენცია ეძღვნება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მჭიდრო, მრავალმხრივ და ნაყოფიერ თანამშრომლობას გერმანიის უნივერსიტეტებთან და კლინიკებთან.

აღსანიშნავია, რომ გერმანელი და გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმები და პროფესორები არაერთმნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ საქართველოსთვის. მათი მხარდაჭერით, ყოველწლიურად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და ახალგაზრდა სპეციალისტები განათლებას იღებენ და სტაჟირებას გადიან გერმანიაში, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მათი პროფესიული ზრდისათვის. გერმანელი პროფესორები სისტემატურად და უანგაროდ მოღვაწეობენ საქართველოში: კითხულობენ ლექციებს, ატარებენ მასტერკლასებს, ქირურგიულ ოპერაციებს და   სამედიცინო კონსულტაციებს.

კონფერენციის პირველი დღე მიეძღვნა საზეიმო გახსნას. ღონისძიებას ესწრებოდა გერმანიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, დოქტორი ჰაიკე პაიჩი.  მრავალრიცხოვან დამსწრე საზოგადოებას მიესალმა თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტის  რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რომელმაც გულითადი მადლობა გადაუხადა ქალბატონ ელჩს, გერმანიიდან ჩამოსულ საპატიო სტუმრებს, სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებს და სტუდენტებს კონფერენციაში მონაწილეობის მიღებისათვის.

რექტორმა  მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა,  რომ „2017 წელი გამორჩეულად საამაყო წელიწადია გერმანია–საქართველოს მეგობრობა– თანამშრომლობის კუთხით. ერთი მხრივ, აღინიშნება გერმანელების საქართველოში დასახლებიდან 200 წლის იუბილე, ხოლო მეორე მხრივ, 25 წელიწადი გავიდა, რაც გერმანიამ პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა მასთან.  დამოუკიდებელ საქართველოში პირველი სწორედ გერმანიის საელჩო გაიხსნა. შემთხვევითი არაა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტმა კონფერენციას „ქართულ–გერმანული ურთიერთობები, წარსულიდან მომავლისაკენ“ უწოდა. ქართულ–გერმანულ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი წვლილი ხომ სწორედ გერმანიისა და საქართველოს წამყვანმა უნივერსიტეტებმა შეიტანეს, მათ რიცხვში კი განსაკუთრებული ადგილი სწორედ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეკუთვნის.  სამედიცინო უნივერსიტეტს  ორმხრივი თანამშრომლობა აკავშირებს გერმანიის 20 უნივერსიტეტთან და საუნივერსიტეტო კლინიკასთან, ყველაზე მეტი –  სამოცამდე  სტუდენტი და რეზიდენტი, სწორედ, გერმანულ უნივერსიტეტებში გადის სტაჟირებას ყოველწლიურად.  სამედიცინო უნივერსიტეტში 2012 წლიდან დაიწყო  და დღემდე აქტიურად მიმდინარეობს პროექტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა  უცხოელი წამყვანი პროფესორების 350 –მდე  ვიზიტი სამედიცინო უნივერსიტეტში და მათ შორის 80 გერმანელი პროფესორია.  სამედიცინო უნივერსიტეტის და საერთოდ, ქართული მედიცინის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის 21 გერმანელ პროფესორს მიენიჭა თსსუ–ის საპატიო დოქტორის წოდება. ამჟამადაც,  სამედიცინო უნივერსიტეტს სტუმრობენ გერმანელი  პროფესორები, რომლებიც თავიანთ ამერიკელ , ავსტრიელ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად ჩაატარებენ ლექციებს და გაუზიარებენ მდიდარ გამოცდილებას  სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს  და რეზიდენტებს“.

რექტორის შემდგომ დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ: გერმანიის ელჩი საქართველოში დოქტორი ჰაიკე პაიჩი, თსსუ–ის უცხოური ენების აკადემიური ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო აბრალავა,  თსსუ–ის საპატიო დოქტორი, პროფესორი, მიხაელ ლენტცე (გერმანია), თსსუ–ის საპატიო დოქტორი, პროფესორი  ტომას აიჰჰორნი (გერმანია), თსსუ–ის საპატიო დოქტორი  გიორგი გრიგოლია (გერმანია),თსსუ–ის საპატიო დოქტორი, პროფესორი ფლორიან ლოე (გერმანია), თსსუ–ის პროფესორი  რამაზ შენგელია (საქართველო).

შეხვედრის ბოლოს, გაიმართა  ორენოვანი (ქართულ–გერმანული)  დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომლის მიზანია ასახოს, ორი ქვეყნის, საქართველოსა და გერმანიის, სამედიცინო საზოგადოების 200 წლოვანი ურთიერთობები ისტორიულ ჭრილში.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტური ფილმი გადაღებულია სამედიცინო უნივერსიტეტის დაკვეთით  ტელეკომპანია „პულსის“ მიერ.