საქართველოს გრიგოლ მუხაძის სახელობის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების ღონისძიება პროფესორ ნოდარ ბოხუას ხსოვნას მიეძღვნა

2017 წლის 22 დეკემბერს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საქართველოს გრიგოლ მუხაძის სახელობის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების   ღონისძიებას, რომელიც პროფესორ ნოდარ ბოხუას ხსოვნას მიეძღვნა.

დიდია პროფესორ ნოდარ ბოხუას წვლილი თანამედროვე სისხლძარღვთა მიკროქირურგიის განვითარების მიმართულებით. მისი დიდი ძალისხმევით დაარსდა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი სისხლძარღვთა მიკროქირურგიის ლაბორატორია, რომლის ბაზაზეც 1980 წელს, რკინიგზის საავადმყოფოში ჩამოყალიბდა სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრი. ცენტრში დამუშავდა და განვითარდა კლინიკურ პრაქტიკაში თანამედროვე ვასკულარული მედიცინის ფუნდამენტალური საკითხები. პირველად საქართველოში, აღნიშნულ ცენტრში მაგისტრალურ სისხლძარღვებზე დაინერგა და შესრულდა მთელი რიგი რეკონსტრუქციული ოპერაციები. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ პროფესორ ნოდარ ბოხუას და მისი მოწაფეების ძალისხმევით, დროის მოკლე პერიოდში, ცენტრი  ჩამოყალიბდა, როგორც ქვეყნის წამყვანი კლინიკა სისხლძარღვთა ქირურგიაში.  პროფესორ ნოდარ ბოხუას ინიციატივით დაინერგა სისხლძარღვთა ქირურგიის  თანამედროვე  მიდგომები. რუტინული გახდა მთელი რიგი ურთულესი ოპერაციები მაგისტრალურ სისხლძარღვებზე.

ღონისძიება გახსნა და საზოგადოებას მიესალმა საქართველოს გრიგოლ მუხაძის სახელობის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე,  პროფესორი  მერაბ კილაძე.

სიტყვით გამოვიდნენ და ნოდარ ბოხუას  ღვაწლსა და პიროვნულ ღირსებებზე ისაუბრეს პროფესორებმა: დავით ფარღალავამ, კონსტანტინე ყიფიანმა, ლაურ მანაგაძემ, კონსტანტინე მარდალეიშვილმა, რამაზ ყურაშვილმა, მერაბ ადამიამ, რომელთაც დიდ ქართველ ექიმთან არამარტო პროფესიულ-კოლეგიალური ურთიერთობები, არამედ დიდი მეგობრობა აკავშირებდათ.

,,ნოდარ ბოხუას ინტერესების არეალი იყო ძალიან ფართო, მას არ ეშინოდა სიახლეების და პირიქით, გამოწვევად იღებდა მათ. მან განახორციელა და დანერგა  ოპერაციები, რომლებიც სიახლეს წარმოადგენდა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. აღნიშნული ოპერაციები ჯერ კიდევ აქტუალურია თანამედროვე სისხლძარღვთა რეკონსტრუქციული ქირურგიისთვის. რთულია იმის წარმოდგენა, რომ ეს ყველაფერი ერთ ადამიანს შეეძლო გაეკეთებინა, მან გაუსწრო დროს“, -  განაცხადა პროფესორმა დავით ფარღალავამ.

,,არიან ადამიანი-ლიდერები, რომლებიც თავის ენერგიას ასხივებენ და სხვასაც გადასცემენ მას, აუცილებელია მომავალი თაობა იცნობდეს ამ დიდ პიროვნებებს და ქვეყნის სამედიცინო ისტორიის შემქმნელებს“, - აღნიშნა  პროფესორმა კონსტანტინე ყიფიანმა.

ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეთა მხრიდან გამოითქვა სურვილი, დაწესდეს პროფესორ ნოდარ ბოხუას სახელობის ჯილდო, რომელიც ახალგაზრდა ექიმებს გადაეცემათ.