ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტის (თურქეთის რესპუბლიკა) დელეგაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის  15 იანვარს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტის (UNIVERSITY OF HEALTH SCAIENCE) (თურქეთის რესპუბლიკა) დელეგაცია ვიცე-რექტორის, პროფესორი,  სადრეტინ პენჩეს ხელმძღვანელობით. დელეგაციაში შედიოდნენ: ჯანდაცვისა და სოციალურ მეცნიერებათა ევრაზიის კვლევითი ცენტრის“ (EURASIAN RESEARCH SENTER FOR HEALTH AND SOCIAL SCIENCES)  დირექტორი, პროფესორი აინერ ფეიზიოღლუ, „ჯანდაცვისა და სოციალური მეცნიერებების ევრაზიის კვლევითი ცენტრის“ დირექტორის მოადგილე პროფესორი დერია ბუიუკაიჰანი და „ჯანდაცვისა და სოციალურ მეცნიერებათა ევრაზიის კვლევითი ცენტრის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი საქართველოს მიმართულებით მერაბ ნაკაშიძე. სტუმრებს ახლდნენ ისმაი პენჩე და ახალგაზრდა ექიმი ლაშა ნაკაშიძე.

თურქეთის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტის დელეგაცია მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. შეხვედრას ესწრებოდნენ: თსსუ-ის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე; ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე; მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი; ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია; პროფესიული პროგრამების კოორდინატორი მედეა ჯღარკავა; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე კვაჭაძე; სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასებისა და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი რუსუდან რუხაძე; უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი დავით თოფურია; დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ეკა ეკალაძე; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ირინა კაპეტივაძე; „ERASMUS +“-ის კოორდინატორი ნინო კანდელაკი და დიპლომისშემდგომი განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ზაზა ბოხუა.

თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია. დელეგაციის წევრებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან დამატებითი ინფორმაციაც მოისმინეს მათთვის საინტერესო საკითხების ირგვლივ.

ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტის დელეგაციამ მასპინძელ მხარეს წარუდგინა  პრეზენტაცია, სადაც განსაკუთრებით აღინიშნა, რომ უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და უძველესი უნივერსიტეტია თურქეთში. სტუმრებმა დიდი დაინტერესება გამოხატეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის თვალსაზრისით. აღნიშნეს, რომ აქვთ არაერთი საინტერესო შეთავაზება და გეგმა გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი სასწავლო პროგრამების შესახებ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ურთიერთთანამშრომლობის გეგმებს დეტალურად განიხილავენ სამუშაო ჯგუფები, რომლებიც საგანგებოდ ამ მიზნით შეიქმნება. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

თურქეთის დელეგაციამ მადლიერება გამოხატა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მისამართით სტუმართმოყვარე დახვედრისა და საინტერესო ექსკურსიისთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, განსაკუთრებულად აღინიშნა, რომ უაღრესად საინტერესო იყო მათთვის თსსუ-ის კლინიკური უნარ-ჩვევების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის დათვალიერება. ასევე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დათვალიერებამ.

შეხვედრის დასასრულს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. დელეგაციის წევრებმა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმართ ღრმა პატივისცემის ნიშნად, ასევე სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს თსსუ-ის წარმომადგენლებს.