თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა იტალიის დელეგაციას უმასპინძლა

 
   

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა 6 თებერვალს, იტალიის დელეგაციას, პიემონტე ორიენტალეს (ნოვარა) უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ვიცე-კანცლერს, ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორს, ბატონ  არმანდო ჯენაცანს და ამავე უნივერსიტეტის ჯანმრთელობის დაცვის მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ ლია რიმონდინს უმასპინძლა.

სტუმრები დაინტერესდნენ უნივერსიტეტში არსებული საგანმანათლებლო პროგრამებით. ასევე, საქართველოში ჯანდაცვის, სამედიცინო განათლების მართვისა და რეგულირების საკითხებით და თსსუ-ის ვიცე-რექტორებს  ამ მიმართულებით პროექტების ორგანიზებაზე  ესაუბრნენ.

თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა სტუმრებს გააცნო უნივერსიტეტის ფაკულტეტები და პროგრამები, საუნივერსიტეტო კლინიკებისა და კვლევითი ინსტიტუტების საქმიანობა. ისაუბრა უნივერსიტეტის სტრატეგიისა და ძირითადი მიზნების შესახებ და გამოთქვა მზაობა იტალიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობისთვის.

თსსუ-ის სტრატეგიისა და ძირითადი მიზნების განსაზღვრისას ხაზი გაესვა უნივერსიტეტისთვის სამეცნიერო კვლევების  სტრატეგიულ მნიშვნელობას. ვიცე-რექტორმა პროფესორმა ხათუნა თოდაძემ აღნიშნა: „სტუდენტების განვითარებასთან ერთად, ხელმძღვანელობის ძირითად ორიენტირს სამეცნიერო კვლევების განვითარება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ ამ კუთხითაც წარვმართოთ საერთაშორისო ურთიერთობები.“

ვიცე-რექტორებმა დააფიქსირეს, რომ უნივერსიტეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ინტერნაციონალიზაციის პროცესს. ვიცე-რექტორმა, პროფესორმა, ირაკლი კოხრეიძემ ისაუბრა ინტერნაციონალიზაციის პროცესში კლინიკებთან თანამშრომლობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაცვლის საკითხებზე:
„საქართველო და განსაკუთრებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამედიცინო პრაქტიკის კუთხით, აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო პროექტებში და ინტენსიურად მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებს, რაც სამედიცინო პერსონალს კვალიფიკაციისა და საერთაშორისო  გამოცდილების ურთიერთგაცვლის საშუალებას აძლევს.“

„ერასმუს +“ -ის პროგრამის კოორდინატორმა, ქალბატონმა ნინო კანდელაკმა სტუმრებს გააცნო ერასმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იტალიაში არსებული უნივერსიტეტების ნუსხა და აღნიშნა, რომ პიემონტე ორიენტალეს  უნივერსიტეტთან თანამშრომლობის პროცესშიც დეპარტამენტი დიდი ძალისხმევით ჩაერთვება.

შეხვედრაზე უნივერსიტეტების წარმომადგენლები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობისა და „ერასმუს +“ -ის ფარგლებში მემორანდუმების გაფორმებასთან დაკავშირებით. საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ირინა კაპეტივაძემ და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დალი ბერაშვილმა აღნიშნეს, რომ  ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმის ფარგლებში ფარმაციის ფაკულტეტის 2 სტუდენტი შესაძლოა, 2018 წლის სექტემბრისთვის გაემგზავროს იტალიაში.