მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამა 48 უცხოელმა სტუდენტმა დაამთავრა

 

2018 წლის 13 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სააქტო დარბაზში ჩატარდა მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის 2017–2018 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია.

აღსანიშნავია, რომ 2017–2018 სასწავლო წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამა  დაამთავრა 48 სტუდენტმა, მსოფლიოს 8 ქვეყნიდან (ინდოეთი, შრი–ლანკა, გერმანია, ტრინიდატი და ტობაგო, ირანი, სინგაპური, ნიგერია და აზერბაიჯანი)

საზეიმოდ მორთულ სააქტო დარბაზში შეიკრიბნენ უცხოელ კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებიც    სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოფრინდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 

უცხოელ კურსდამთავრებულებს  სწავლის დამთავრება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს:  თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის ვიცე–რექტორმა, პროფესორი რიმა ბერიაშვილმა, სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა  დავით თოფურიამ,  ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ასისტენტ  – პროფესორმა ლევან ბენაშვილმა, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა გიორგი მიქაძემ.

დიპლომების გადაცემის ცერემონია ნაწილობრივ თეატრალიზებული იყო. დარბაზში იმყოფებოდნენ მანტიებით შემოსილი ახალგაზრდები, რომლებსაც  ხელში ანთებული სანთლები ეკავათ.  სინათლე მათ ხელში, როგორც განათლების სიმბოლო, კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს იმას, თუ რა აკავშირებს თითოეულ მათგანს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან – ის უმნიშვნელოვანესი რამ რაც მათ მომავალს განსაზღვრავს და მართლაც სინათლით აავსებს – განათლება!

როგორც უკვე დიპლომირებული მედიკოსები, ისინი ცალსახად აღნიშნავდნენ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სრულყოფილი განათლება მიიღეს, მადლიერებით ემშვიდობებოდნენ უკვე მშობლიურად ქცეულ უნივერსიტეტს, აკადემიურ პერსონალს, რომელიც ძალ–ღონეს არ იშურებდა, რომ სტუდენტებისთვის მაქსიმუმი მიეცა.

იყო ტრადიციად ქცეული „ქუდების ცაში ასროლაც“ – უზომო სიხარულის გამოხატვა. ყველაფერი ახლა იწყება,ეს კარგად აქვთ გააზრებული ახალბედა დიპლომირებულ მედიკოსებს.

კურსდამთავრებულებს, დიპლომთან ერთად გადაეცათ სამახსოვრო მედლები. დასასრულ, კურსდამთავრებულებმა საზეიმოდ დადეს ჰიპოკრატეს ფიცი.