კენეტ უოლკერის გამოსამშვიდობებელი საღამო თსსუ-ში

 კენეტ უოლკერის გამოსამშვიდობებელი საღამო თსსუ-ში

2018 წლის 27 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სტუმრები თსსუ-ის საპატიო დოქტორის, თბილისისა და საქართველოს საპატიო მოქალაქის, ემორის უნივერსიტეტის (ატლანტა, აშშ) შინაგანი მედიცინისა და ნევროლოგიის პროფესორის, კენეტ (კენ) უოლკერის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად შეიკრიბნენ.
თსსუ-ის თეატრალურ დარბაზში შეკრებილი საზოგადოების წევრებმა გაიხსენეს მისი არაერთი დამსახურება და წვლილი საქართველოსა და სამედიცინო სფეროს განვითარებაში. ბევრი რამ ითქვა ამერიკელი პროფესორის ღვაწლზე საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატს შორის მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე, უმარავი ადამიანისთვის კარიერული წინსვლის ხელშეწყობასა და მოტივაციის ამაღლებაზე. თბილისის პარალელურად პროფესორ უოლკერის გამოსამშვიდობებლად შეიკრიბნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ატლანტაში, სადაც ვიზიტით იმყოფება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია.მან სამგლოვიარო ცერემონიალზე გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა: 
„მადლობელი ვარ ყველაფრისათვის, რაც პროფესორმა უოლკერმა ჩვენი ქვეყნისთვის და უნივერსიტეტისთვის გააკეთა. ქართველი ექიმების დიდი არმია სამუდამოდ მადლიერი იქნება მისი. პროფესორი უოლკერი სამარადისოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავისი კეთილი ღიმილით“. 
არჩილ უნდილაშვილი (ემორის უნივერსიტეტის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი, თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორი): „ კენ უოლკერს პირველად 14 წლის წინ საქართველოში შევხვდი. მკითხა - ინგლისური თუ ვიცოდი. იმ დროს ინგლისურ ენას არ ვფლობდი. მან მაინც შემარჩია და ამერიკაში წამიყვანა სხვა სტუდენტებთან ერთად. მალევე კაპლანში დავიწყე ენის შესწავლა. მას შემდეგ 14 წელი ვიცხოვრეთ ერთად, ვიმუშავეთ, განვახორციელეთ პროექტები... გარდა იმისა, რომ იყო ჩემი მასწავლებელი, მენტორი, მეგობარი...მასთან ჩემს ურთიერთობას მისივე საყვარელი სიტყვით შევაფასებდი, - „ძმაკაცი“... ძალიან რთული იქნება მის გარეშე ცხოვრება...“
კენ უოლკერი გაიხსენეს თსსუ-ის კანცლერმა, პროფესორმა ზურაბ ორჯონიკიძემ, თსსუ-ის ვიცე-რექტორებმა, პროფესორებმა რიმა ბერიაშვილმა, ხათუნა თოდაძემ, ირაკლი კოხრეიძემ, თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორმა ეკა ეკალაძემ, თსსუ-ის პროფესორებმა და დიდი ხნის მეგობრებმა გია თომაძემ, ზვიად კირტავამ, ალექსანდრე ალადაშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სამძიმრის წერილიწაიკითხა ცენტრის წარმომადგენელმა ელენე გოძიაშვილმა. 
ზურაბ ორჯონიკიძე (თსსუ-ის კანცლერი, პროფესორი): „ისე, როგორც ბევრი თქვენთაგანისთვის, ჩემთვისაც ბატონი კენი იყო ძალიან საყვარელი ადამიანი, უფროსი მეგობარი. ეს დღეები ვიხსენებ მასთან შეხვედრებს როგორც თბილისში, ისე აშშ-ში. როდესაც ატლანტაში მისი მიწვევით ჩავედი, მქონდა ბედნიერება, პირადად გაეწია მეგზურობა ჩემთვის და ბატონი გია თომაძისთვის. უნდა გენახათ, როგორი სიხარულით გვმასპინძლობდა და გვიწევდა მეგზურობას ჯერ ატლანტაში, შემდეგ ვაშინგტონში, სადაც უმაღლესი ტექნოლოგიების ლაბორატორია გვაჩვენა. იქ შესვლა ბევრ ადამიანს არ უწევს, განსაკუთრებით სტუმრებს. იქ ვნახე, როგორი მოწიწებით ხვდებოდნენ კენს დაწესებულების ხელმძღვანელები და მეცნიერები. ჩვენ დღეს ვემშვიდობებით ძალიან დიდ კაცს, ჩვენი ქვეყნის დიდ მეგობარს, საქართველოსა და თბილისის საპატიო მოქალაქეს, სამედიცინო უნივერსიტეტის ყველაზე დიდ უცხოელ მეგობარს. სამედიცინო უნივერსიტეტი მუდამ მადლიერი იქნება იმ დიდი საქმეების, რაც კენმა გააკეთა. ყველამ კარგად იცით, მაგრამ მაინც მინდა აღვნიშნო, რომ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ, და ხმამაღლა ვიტყვი, რომელსაც არა ჰყავს ბადალი საქართველოში, ამიერკავკასიაში და არც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბატონი კენის დამსახურებაა! არ მგონია, ასეთი წარმატებული პროგრამა სადმე იყოს. პროგრამის სტუდენტებს მინდა ვთხოვო, როდესაც წახვალთ ატლანტაში ამ გაზაფხულზე, აუცილებლად მიდით კენის საფლავთან და სანთელი დაანთეთ.“

რიმა ბერიაშვილი: „არც ქართულ და არც სხვა ენაში არ არსებობს სიტყვა, რომელიც აღნიშნავს მასწავლებლის, მენტორის გარდაცვალებას. ალბათ იმიტომ, რომ ესეც ობლობაა და აღარ არის ახალი სიტყვა საჭირო. მე გარდამეცვალა მასწავლებელი, რომლისგანაც მთელი ცხოვრება ვსწავლობდი. ვსწავლობდი სიკეთის კეთებას, რომელიც მისი არსებობის მიზანი იყო. ატლანტაში, ემორის უნივერსიტეტში და არა მარტო იქ, კენი იყო ძალიან ძლევამოსილი ადამიანი. სადაც არ უნდა ჩასულიყავი, იცნობდა ყველა. პირველად თსსუ-ში 1992 წელს ჩამოვიდა, როდესაც დაიწყო მასწავლებელთა გაცვლა. სწორედ მაშინ გავიცანი პროფესორი უოლკერი. მას ქართველი ერი უყვარდა. მე ხშირად ჩაციებით ვეკითხებოდი ამის მიზეზს, პასუხად კი მხოლოდ ჩაიცინებდა. ბოლომდე საიდუმლოდ დაგვიტოვა ამ კითხვაზე პასუხი... იქნებ, დავფიქრდეთ, რატომ ვუყვარდით ამ ადამიანს?.. კენი ძალიან დიდი ადამიანი იყო, ჩვენს გვერდით ცხოვრობდა ლეგენდა, გოლიათი, რომლის მხრებიდანაც მომავალი უკეთესად ჩანდა..."
კენეტ უოლკერის გარდაცვალება ქართული სამედიცინო საზოგადოებისთვის დიდი დანაკლისია. კოლეგებმა, მეგობრებმა და სტუდენტებმა გაიხსენეს და პატივი მიაგეს ამერიკელი პროფესორის ნათელ ხსოვნას, რომელსაც განსაკუთრებით უყვარდა საქართველო და მისი განვითარებისათვის თავდაუზოგავად იღწვოდა.
ხათუნა თოდაძე (თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი): „ძალიან იშვიათად შემხვედრია ადამიანი, რომელშიც შერწყმული ყოფილა ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებები: ერთი მხრივ, სიდარბაისლე და სიბრძნე და, მეორე მხრივ, ასეთი ახალგაზრდული შემართება. გარდა ამისა ,ცივი, ლოგიკური, ზუსტი გონება და აზროვნების უნარი და ამავე დროს ასეთი იდეალიზმი, რაც ჰქონდა კენს. ნამდვილი დენდის გარეგნობა და ქცევა და მეორე მხრივ, უშუალობა, ნამდვილი კაცთმოყვარეობა. ეს იყო ადამიანი, რომელიც გვასწავლიდა, როგორი გვინდოდა, ჩვენ ვყოფილიყავით როგორც პედაგოგები, ადამიანები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით სტუდენტებისთვის“.
ირაკლი კოხრეიძე (თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი): „მე და პროფესორ კენ უოლკერს გვქონდა 10 -წლიანი ურთიერთობის ისტორია, რომელიც დაიწყო 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ ქ. კასპში. მაშინ, როდესაც აბსოლუტურად გაურკვეველი იყო საქართველოს ბედი, კენ უოლკერი თავის ქართველ კოლეგებთან საუბრობდა ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის განვითარებაზე. კენ უოლკერს ერთი არაჩვეულებრივი თვისება ჰქონდა - უშურველად ეხმარებოდა ნებისმიერ ადამიანს. გარდაცვალებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე გეგმავდა ერთ-ერთი ჩვენი კურსდამთავრებულის საოპერაციოდ ემორის უნივერსიტეტში სრულიად უსასყიდლოდ გამგზავრებას“.
პროფესორი კენ უოლკერი USAID-ის “Georgia to Georgia” -ის პროგრამის ფარგლებში საქართველოს პირველად 1992 წელს ეწვია. მისი დახმარებითა და უშუალო ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში 25 წელზე მეტია, რაც ხორციელდება სტუდენტთა, კლინიკურ რეზიდენტთა, ახალგაზრდა სპეციალისტთა და პროფესორთა გაცვლითი პროგრამები. პროფესორ უოლკერის ინიციატივით, ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლასთან ერთობლივი პროექტის საფუძველზე შემუშავდა დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა და თსსუ-ში თანამედროვე ამერიკული სამედიცინო განათლების მოდელი დაინერგა. 
ეკა ეკალაძე (თსსუ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორი): „კენი იყო ადამიანი, რომელიც პირველივე შეხვედრაზე გნუსხავდა, უდიდესი ენერგიით გავსებდა - სულ ერთი იყო, ვინ იყავი - დიდი, პატარა, სტუდენტი, მოსწავლე, აკადემიკოსი... სულაც არ იყო საჭირო, წლები გცნობოდა - რამდენიმე საათი და გეგონა, მთელი სიცოცხლე იცნობდი. სხვანაირად, უბრალოდ, არ შეიძლებოდა. არ მელევა გასახსენებელი, თუმცა მე სულ რამდენიმე წელი ვიცნობდი კენს...

ნოდარ მაისურაძე (თსსუ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტი): „ალბათ, არაა შემთხვევითი, რომ ამ პატარა ქალაქში ამდენი ადამიანი შეიკრიბა კენ უოლკერის გარშემო. 5 წელი ვიცნობდი და მადლობელი ვარ მისი. მასთან ურთიერთობა მარტივი იყო, პირველივე შეხვედრიდან დავმეგობრდით. პირველ რიგში მახსენდება, როგორი თბილი დამოკიდებულება ჰქონდა ჩემი და ჩემი თანაკურსელების მიმართ. მისთვის ასაკი არ იყო განმსაზღვრელი, ისეთივე პატივით მექცეოდა, როგორც მისსავე ტოლ ღვაწლმოსილ ადამიანს. 1 თვით ვიყავი ატლანტაში, საკუთარი თვალით ვნახე როგორ ურთიერთობდა პაციენტებთან გრეიდის ჰოსპიტალში. მეუბნებოდა, როდესაც გამოხვალ პალატიდან, პაციენტი უნდა იცინოდესო. პირველკურსელს პირველივე დღეს მომაბარა პაციენტი და დამავალა, ხვალ რომ მოვალ და ვკითხავ პაციენტს, თუ ვინ არის მისი ექიმი, შენზე უნდა მოიშვიროს თითიო. დიდი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი პროგრამის დაარსებასა და განვითარებაში. ყოველ ჩამოსვლაზე შეეძლო საათობით მჯდარიყო ჩვენთან და მოესმინა ყველა ჩვენი პრობლემისთვის. აშკარა იყო, რამდენს ნიშნავდა მისთვის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა და ყოველ დღე ვხედავდით, რომ ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისთვის, რომ ჩვენი პროგრამა გამხდარიყო მსოფლიო სტანდარტების დონისა. ახლა ჩვენი ჯერია, რომ მივაღწიოთ იმ წარმატებას, რომელიც გაახარებდა ბატონ უოლკერს და ეს იქნება მისი გამარჯვება. ნებისმიერი ჩემი მეგობარი გეტყვით, რომ მას განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა კენთან. ის იყო ადამიანი,რომლის იმედიც მე, პირადად, ყოველთვის მქონდა. მე დავკარგე მასწავლებელი, მენტორი, მაგრამ პირველ რიგში, დავკარგე მეგობარი“...

თსსუ-ის თეატრალური დარბაზიდან შეკრებილმა საზოგადოებამ უნივერსიტეტთან არსებულ ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც გაიმართა საეკლესიო პანაშვიდი, თბილისის დროით 22:00 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში პროფესორ უოლკერს ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები უკანასკნელ გზაზე მიაცილებდნენ. პროფესორი კენეტ უოლკერი მართლმადიდებელი ქრისტიანი გახლდათ: იგი წლების წინ საქართველოში მოინათლა და მისი ნათლობის სახელი იყო პეტრე. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიიდან საზოგადოებამ თავი თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის წინ მოიყარა, სადაც კენეტ უოლკერის ფოტოსურათი ყვავილებით შეამკო და სიმბოლური სანთლების დანთების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. 
პროფესორ კენ უოლკერს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართველ ახალგაზრდა ექიმთა თაობების აღზრდაში და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში. მისი ინიციატივითა და ხელშეწყობით საქართველოში დაარსდა ეროვნული საინფორმაციო სასწავლო ცენტრი, საქართველოში დაინერგა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ამერიკული მოდელი, გაიხსნა ექთანთა გადამზადების სკოლა, საქართველოში ხელი შეეწყო შიდსისა და ტუბერკულოზის კვლევის განვითარებას... უკანასკნელ წლებში ამერიკის მთავრობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შედეგად, პროფესორი კენ უოლკერი ემორის უნივერსიტეტის და თსსუ-ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან ერთად, მისთვის ჩვეული ენთუზიაზმით საქართველოში რეაბილიტაციის დარგის განვითარებასაც შეუდგა. 
2018 წლის 1 მარტს პროფესორი უოლკერისთვის ემორის უნივერსიტეტს ოქროს მედალი უნდა გადაეცა. დაგეგმილი ღონისძიება შედგება მის გარეშე, კუთვნილ ჯილდოს მის ნაცვლად ემორის უნივერსიტეტის საგანამანათლებლო პროგრამების დირექტორს, თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელს, ბატონ არჩილ უნდილაშვილს გადასცემენ. ღონისძიებას თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და კენეტ უოლკერის აშშ-ში მყოფი ქართველი რეზიდენტები დაესწრებიან.
თბილისისა და საქართველოს საპატიო მოქალაქე კენეტ უოლკერი 22 თებერვალს 81 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ქართველებზე უზომოდ შეყვარებული ამერიკელი პროფესორი ჯორჯიის შტატის პატარა ქალაქ ვაშინგტონის საგვარეულო სასაფლაოზე დაიკრძალა.

იხილეთ პროფესორ კენეტ უოლკერის გამოსამშვიდობებელი საღამოსთვის შექმნილი ვიდეო:

საზოგადოებრივი მაუწყებელი საღამოს შესახებ:

Pulsi TV საღამოს შესახებ