თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას ვიზიტი ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში

2018 წლის 5 მარტიდან 9 მარტის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი  ზურაბ ვადაჭკორია, ურთიერთთანამშრომლობის საკითხების განხილვის მიზნით, იმყოფებოდა ავსტრიაში, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც  შეხვდა ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკისა და ტიროლის კლინიკების გაერთიანების ხელმძღვანელს, მაგისტრ შტეფან დეფლორიანს, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორს სამედიცინო დარგში, პროფესორ ვოლფგანგ ბუხბერგერს  და მარტინ ვაიქსელბრაუნს,  ტიროლის კლინიკების გაერთიანების  კოორდინატორს.

შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის მანანა ქუთელიას სახელობის პროგრამის მიმდინარეობა და შესაძლო განვითარების პერსპექტივები. აღსანიშნავია, რომ ავსტრიელმა მასპინძლებმა ბატონ ზურაბ ვადაჭკორიას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს იმ სტუდენტების გამო, რომლებიც მანანა ქუთელიას სახელობის პროგრამით იყვნენ ჩასული ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში და სამაგალითოები იყვნენ როგორც პროფესიული ინტერესის თვალსაზრისით, ისე პიროვნული თვისებებითაც. შეხვედრებს ესწრებოდა თსსუ-ის საპატიო დოქტორი, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიის და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, თსსუ-ის კურსდამთავრებული და დიდი მოამაგე, ქალბატონი ირმა კვიცარიძე. შეხვედრების შემდეგ მან სოციალურ ქსელში მიმართა თსსუ-ის სტუდენტებს: „მინდა, ყველა სტუდენტს, ვინც აქ იყო ჩამოსული მადლობა გადავუხადო. თქვენ როგორც ქართველებმა, თქვენი მცირედი წვლილი შეიტანეთ ჩვენი ქვეყნის დადებითად წარმოჩენის საქმეში. დარწმუნებული ვარ, რომ ასე გააგრძელებთ. მადლობა თქვენს პედაგოგ-მასწავლებლებს. მე კი ბატონ ზურაბთან ერთად შევეცდები თქვენთვის ახალი შესაძლებლობები მოვიძიო და განვავითარო“.

როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ აღნიშნა, მისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ის შეფასება, რაც თსსუ-ის სტუდენტებზე მოისმინა და ასევე, დაუვიწყარი გახლდათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისადმი კეთილი დამოკიდებულება, გულისხმიერება და სიყვარული, რაც ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი შეხედვითაც იგრძნობოდა: ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის და ტიროლის კლინიკების გაერთიანების დირექტორის, მაგისტრ შტეფან დეფლორიანის სამუშაო ოთახში საპატიო ადგილას დევს და ყველა სტუმარს თვალში ხვდება ჭიქა თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლოგოთი, კაბინეტში შესვლამდე კი აუცილებლად გაივლი შესასვლელს, სადაც თსსუ-ის სახალხო ანსამბლის პლაკატია განთავსებული, რომელიც ბატონმა შტეფან დეფლორიანმა წლების წინ საქართველოდან წაიღო, როგორც მნიშვნელოვანი სახსოვარი.