საერთაშორისო სასწავლო კურსი „ტრანსლაციური ეპიგენეტიკა პერსონალიზებულ მედიცინაში”

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, სამედიცინო გენეტიკისა და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების და ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების (ESHG) ორგანიზებით,  2026 წლის 31 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, თელავში გაიმართება ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების (European Society of Human Genetics – ESHG) საერთაშორისო სასწავლო კურსი „ტრანსლაციური ეპიგენეტიკა პერსონალიზებულ მედიცინაში“ (Translational Epigenetics in Precision Medicine).

კურსი ეძღვნება ეპიგენეტიკური მექანიზმების როლს ადამიანის დაავადებების განვითარებაში და მათ გამოყენებას თანამედროვე დიაგნოსტიკასა და პერსონალიზებულ მედიცინაში. სასწავლო პროგრამა მოიცავს ეპიგენეტიკისა და ეპიგენომიკის თანამედროვე მიმართულებებს, მათ შორის დნმ-ის მეთილირებას, ეპისიგნატურებს, იშვიათ გენეტიკურ დაავადებებს, ონკოლოგიურ და კომპლექსურ პათოლოგიებს.

ოთხდღიანი პროგრამა აერთიანებს ინტერაქტიულ ლექციებს, კლინიკური შემთხვევების განხილვას, პრაქტიკულ და კომპიუტაციურ სემინარებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ეპიგენეტიკური კვლევების თანამედროვე მეთოდებსა და მათ ტრანსლაციურ გამოყენებას, იმუშაონ პრაქტიკულ მაგალითებზე და გამოცდილება გაუზიარონ სფეროს წამყვან საერთაშორისო ექსპერტებს.

კურსი განკუთვნილია დოქტორანტებისთვის, ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, ექიმებისა და ჯანდაცვის სფეროს სხვა პროფესიონალებისთვის, რომლებიც მუშაობენ გენეტიკის, გენომიკისა და მომიჯნავე ბიოსამედიცინო მიმართულებებით.

კურსის დირექტორები არიან ასოც. პროფესორი ეკა კვარაცხელია და პროფესორი თინათინ ტყემალაძე.

კურსში მონაწილეობის მსურველებისთვის ხელმისაწვდომია ESHG-ის სტიპენდიები (Fellowships). სტიპენდიის მისაღებად განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 10 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაცია კურსის პროგრამის, რეგისტრაციისა და სტიპენდიების შესახებ იხილეთ აქ.