თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ზვიად კირტავას ვიზიტი მალტაში

   
   

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის მიმართულების, შინაგან სნეულებათა მე-3 დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ზვიად კირტავა, 11-დან 17 მარტის ჩათვლით, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში – INTRFASOL – „თაობათაშორისი ოჯახური სოლიდარობა ევროპაში“, მოკლევადიანი სამეცნიერო მისიით (STSM) მივლინებული იყო მალტაში,  მალტის რესპუბლიკის ოჯახის, ბავშვთა უფლებებისა და სოციალური სოლიდარობის სამინისტროს აქტიური სიბერისა და ადგილობრივი დახმარების დეპარტამენტში (AACCD).

12 მარტს ასოცირებული პროფესორი ზვიად კირტავა შეხვდა აქტიური სიბერისა და ადგილობრივი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას: დირექტორს, ბატონ პატრიკ ველას, მის მოადგილეებს: ქალბატონ რიტიანე ბუტიგიეგსა და ქალბატონ ალექსია ველას, ცალკეული სექტორების მენეჯერებს: პროფესორ მარია ფენეკს, ქალბატონ სინტია ფორმოზას, ქალბატონ  ჯოანა ტანტს, ბატონ ალექს გობსა და ბატონ მეთიუ მანგიონს.

შეხვედრაზე განიხილეს მოხუცებულთა დახმარების მოდელი მალტაში, რომელიც გულისხმობს  ადგილზე დახმარებას, მოვლის სახლებს, აქტიური სიბერის პროგრამასა და დემენციის მართვის დღის ცენტრებს. 

ბატონმა  ზვიად კირტავამ დაათვალიერა მოხუცებულთა მოვლის თანამედროვე სახლები ვალეტასა და მელიეჰაში, დემენციის აქტიური მოვლის დღის ცენტრი კუნძულ გოუზოუზე და განსაკუთრებული საჭიროებების ბავშვთა სპეციალიზებული სკოლა ქალაქ ვარდიაში.

ვიზიტის ფარგლებში, ის შეხვდა მალტის უნივერსიტეტის გერიატრიის, ჯანდაცვის მართვის  და სოციალური კეთილდღეობის დეპარტამენტების წარმომადგენლებს;

გერონტოლოგიის ფაკულტეტის პროფესორს, მარია ფენეკსა და გერიატრიის ერთ-ერთ პიონერს, დოქტორ ენტონი ფიორინის.

ბატონმა ენტონი ფიორინიმ განაცხადა, რომ მას საინტერესოდ ესახება თანამშრომლობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან, მით უფრო, რომ მომავალში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე სარეაბილიტაციო ჰოსპიტალის გახსნა იგეგმება.

ვიზიტის ფარგლებში, ბატონი ზვიად კირტავა ასევე შეხვდა მალტის ოჯახის, ბავშვთა უფლებების და სოციალური სოლიდარობის სამინსტროს საპარლამენტო მდივანს, ე. წ. უმცროს მინისტრს, ბატონ ენტონი აჯიუს დეჩელისს, რომელიც 1986 წელს იმყოფებოდა საქართველოში. ის  დაინტერესდა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით, ჯანდაცვის და სოციალური დახმარების მდგომარეობით და საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

ვიზიტის დროს, პროფესორ მარია ფენეკის ინიციატივით, მალტის უნივერსიტეტში ბატონმა ზვიად კირტავამ წაიკითხა ლექცია გერონტოლოგიის დეპარტამენტის და სოციალური კეთილდღეობის ფაკულტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის თემაზე: „ელექტრონული ჯანმრთელობა და მობილური ჯანმრთელობა: მედიცინიდან - სოციალური დახმარების სფეროში - გამოცდილება საქართველოდან“. ლექციამ აუდიტორიის დაინტერესება გამოწვია.

აღნიშნული სამეცნიერო მისიის შედეგების პრეზენტაცია დაგეგმილია INTERASOL-ის დასკვნით კონფერენციაზე, რომელიც 18-20 აპრილს ლუქსემბურგში ჩატარდება.